განცხადება - 12.12.2017

საქართველოს პარლამენტის აპარატის

განცხადება

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის  აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია  და დახურულ   კონკურსებს პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

განცხადებები მიიღება 2017 წლის 13 დეკემბრიდან 26 დეკემბრის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)   კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:

1. უმაღლესი განათლების მოწმობა;

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

3. აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

4. სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის    წიგნაკი  (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.

   ღია და დახურული კონკურსები ტარდება 2 ეტაპად:

ა) I ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

    ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო     მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შეფასება ხდება: ა) ზეპირი დავალებით; ბ) გასაუბრებით.

II ეტაპზე კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან  საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

კონკურსის II ეტაპი გაიმართება თბილისში, პარლამენტის სასახლეში.

კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან − წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გადაწყვეტილების გაგზავნიდან − ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება (მისამართი: ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი №26, საქართველოს პარლამენტი, ან ელექტრონული მისამართი:  contact@parliament.ge) განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.

კონკურსის პროგრამა, კონკურსის ჩატარების წესი და ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/ge/konkursi).

კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელეების შესარჩევად ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო კომისია.

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 032 2281321; (+995) 032 2281335.