განცხადება - 29.12.2017

საქართველოს პარლამენტის აპარატის

განცხადება

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

  ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადებები მიიღება 2017 წლის 29 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)   კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:

1. უმაღლესი განათლების მოწმობა;

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის    წიგნაკი  (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.

   ღია კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

ა) I ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

   ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შეფასება ხდება: ა) ზეპირი დავალებით; ბ) გასაუბრებით.

კონკურსის II ეტაპი გაიმართება თბილისში, პარლამენტის სასახლეში.

  კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან − წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გადაწყვეტილების გაგზავნიდან − ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება (მისამართი: ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი №26, საქართველოს პარლამენტი, ან ელექტრონული მისამართი:  contact@parliament.ge) განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.

კონკურსის პროგრამა, კონკურსის ჩატარების წესი და ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/ge/konkursi).

კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელეების შესარჩევად ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო კომისია.

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 032 2281321; (+995) 032 2281335.