empty

ოქმი N1


„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს

კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/443; 11.03.2020) საყოველთაო-სახალხო განხილვა

ოქმი N1

თბილისი, 2020 წლის 4 ივნისი
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
(პირდაპირი ეთერი)

პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მარიამ ჯაში, ირმა ინაშვილი.

შეხვედრის წამყვანი: გიორგი გვიმრაძე. მან შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დისტანციურად, სატელევიზიო ეთერებში ჩატარების თაობაზე და სწორედ ამიტომ საქართველოს პირველი არხმა დაუთმო პლატფორმა შესაბამის დისკუსიას. წამყვანმა მაყურებელს შეახსენა, რომ განიხილება 85 პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე. ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. მისი განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს, ასევე, 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს - თუ პარტია ვერ დააგროვებს პროპორციული წესით 40,54%-ს, მას არ ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისათვის საჭირო მანდატები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მაჟორიტარული ოლქი ექნება მას მოგებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზემოხსენებული წესით, 2024 წელს კანონპროექტით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის. გიორგი გვიმრაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა ნაწილი გარკვეული მიზეზის გამო არ ესწრებოდა განხილვას.

განხილვას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე. მან პირველ არხს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვის მასპინძლობისათვის და დადებითად შეაფასა ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა ამ პროცესში. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები ეხება 2020 წლის მორიგ საპარლამენტო და 2024 წლამდე (შესაძლო) ჩასატარებელ რიგგარეშე არჩევნებს, ვინაიდან კონსტიტუციის დებულებებით 2024 წლიდან გარანტირებულია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც მმართველი ძალის უდიდესი მონაპოვარი და ისტორიული გადაწყვეტილებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ტელემაყურებლებს გააცნო საკონსტიტუციო ცვლილების არსი და განმარტა, რომ:

„ცვლილება 120/30-ზე“ ითვალისწინებს 120 პარლამენტის წევრის არჩევას პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატის არჩევას მაჟორიტარული ოლქებიდან.

1%-იანი საარჩევნო ბარიერი გულისხმობს, რომ ის პარტია, რომელიც ვერ გადალახავს ხსენებულ ბარიერს, ვერ შეძლებს თავისი წარმომადგენლების შეყვანას პარლამენტში. აღნიშნული დათქმა ეხება ბლოკებსაც. კერძოდ, თუ პარტიები გადაწყვეტენ ერთად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაშინ ბარიერი იქნება იმდენჯერადი რამდენი პოლიტიკური პარტიაც გაერთიანდება შესაბამის ბლოკში.

გაუნაწილებელი მანდატები - განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე.

40%-იანი ჩამკეტი - თუ პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. თუმცა, ვიცე-სპიკერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2024 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციითაა გარანტირებული. აგრეთვე, ირმა ინაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე დღის წესრიგში ამჟამად არსებული კონსტიტუციური პროექტის მიმართ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რათა განსახილველი ცვლილების დამტკიცებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა წინა წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლითაც ქვეყანა გადავიდა კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. მისი განმარტებით, შემოღებულ იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არის შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან. თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დრომდე რჩებოდა ერთი სადავო საკითხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც გარდამავალ დებულებებშია მოწესრიგებული და სწორედ აქ შედის პოზიტიური ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხდება შესაბამისი ნორმის გადასინჯვა. მან განმარტა, რომ მოდელი 120/30-ზე იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო დაბალი, 1%-იანი ბარიერი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს საშუალებას შედარებით მარტივად მიიღონ წარმომადგენლობა პარლამენტში. ირაკლი კობახიძის აზრით, წარმოდგენილი სისტემა იძლევა იმის გარანტიას, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და პლურალიზმი სათანადო დოზით იქნეს უზრუნველყოფილი. მან მოუწოდა კოლეგებს წარმოდგენილი ცვლილებების მხარდაჭერისაკენ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, იგი იმთავითვე უჭერდა მხარს 2020 წლისთვის სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას და გამოთქვა იმედგაცრუება შესაბამისი ცვლილების ჩავარდნასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ გასული წლის შემოდგომაზე სწორედ კონსტიტუციური კანონპროექტის მიუღებლობა გახდა მიზეზი მის მიერ უმრავლესობის დატოვებისა. მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს ჩართულობისათვის განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში, რაც 8 მარტის შეთანხმების წინაპირობა გახდა. აგრეთვე, მან ყურადღება გაამახვილა არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის საკითხებზე, რაც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მას ესმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიმდინარე პროცესში ასეთი წესების რეგლამენტირება არარეალისტურია.

ამის შემდეგ წამყვანმა მოქალაქეთა მიერ წარდგენილი შეკითხვები გააჟღერა:

მოქალაქე დავით კალანდაძე დაინტერესდა, თუ რით არის პროპორციული სისტემა უკეთესი მოქალაქეებისთვის, ან პოლიტიკური პარტიებისთვის. აგრეთვე, რატომ იქნება პარლამენტი უკეთესი ახალი სისტემით და რა ელის უპარტიო კანდიდატებს, რომლებსაც მაჟორიტარულად სურთ არჩევნებში მონაწილეობა და მაჟორიტარული სისტემა მათ აძლევს შესაძლებლობას, არ იყვნენ გაიგივებული არცერთ პარტიასთან.

კითხვა იქნა დასმული თავად წამყვანის მიერაც, რომელიც ეხებოდა შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იმ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობის გაჩენას, რასაც, ზოგადად, მაჟორიტარულ სისტემას უკავშირებენ.

ირაკლი კობახიძის პოზიციით, არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე მიენიჭა უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ირმა ინაშვილის თქმით, პროპორციული სისტემა უკეთესია როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისათვის.

შემდეგი კითხვა ჰქონდა მოქალაქე ლილი ბეგიაშვილს: თუ სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდება 2024 წელს და ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მაშინ რა არგუმენტი არსებობს მისი 2020 წელს აუმოქმედებლობის ასახსნელად?

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი სისტემით პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთს უზიარებენ ამ პასუხისმგებლობას და ცდილობენ ერთმანეთი დაარწმუნონ უფრო სწორ გადაწყვეტილებებში. მას მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი პოლიტიკა სწორედ ასეთი უნდა იყოს და ამან განაპირობა ის, რომ მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა სრულად პროპორციული სისტემის რეგლამენტაციას, თუმცა გარკვეული ოპოზიციური ძალების რადიკალური პოზიციების გამო ამ სისტემის ამოქმედება ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის.

მარიამ ჯაშის ხედვით, მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემა, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტზე და პროპორციული სისტემა მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ხელისუფლების სიჯანსაღისათვის.

მოქალაქე ანი გოგებაშვილის კითხვა ეხებოდა, თუ როგორ დადგინდება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები და რა პრინციპით უნდა აირჩიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. ამასთან, 120/30-ზე მოდელით რამდენად შენარჩუნდება მაჟორიტარი დეპუტატის იდეა იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი რეგიონალური წარმომადგენლობა უფრო ორპალატიანი პარლამენტისათვის არის დამახასიათებელი. ანალოგიური შინაარსის კითხვით მიმართა კომისიას მოქალაქე ნინო ალხანაშვილმაც.

ირაკლი კობახიძის განმარტებით ყალიბდება მსხვილი ოლქები - ჯამში 30 მაჟორიტარული ოლქი, რაც ცალსახად ართულებს როგორც გამსხვილებულ ოლქებში, ადგილზე საქმიანობას, ისე საწყის ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის, თუმცა შესაძლებელი იქნება კამპანიის წარმოება თუნდაც ამ მოცემულობაში.

ირმა ინაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს მაჟორიტარული ოლქების გაზრდას. მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატის ინტერესი არ არის ამ ნაწილში გათვალისწინებული და ამ კონტექსტში მისი ინიციატივაა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული.

მარიამ ჯაშის პოზიციით, 30 მაჟორიტარული ოლქის პირობებში საარჩევნო ბრძოლა მეტწილად გართულებულია. აუცილებელი პირობაა არჩევნების სამართლიანი გზით ჩატარების კონტროლი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის მხრიდანაც. რაც შეეხება წარმომადგენლობას, მისი თქმით, ამ პირობებში ოლქებისათვის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოლქები განაწილდა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად და ამასთანავე ოლქები ჩამოყალიბდა ოპოზიციის ფართო სპექტრთან შეთანხმებით. მისი თქმით, მსხვილი მაჟორიტარული ოლქები არ ქმნის იმის პრობლემას, რომ ოლქებში სწორი მმართველობა ვერ განხორციელდეს, რადგან ამისთვის არსებობს თვითმმართველობა და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები. პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ინსტიტუტის გაუქმება არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ თითქოს პარტიები მოსახლეობის პრობლემებით აღარ დაინტერესდებიან.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლთა, მათ შორის, ვლადიმერ ბოჟაძის მხრიდან დაფიქსირდა დაინტერესება 40%-იან ჩამკეტ მექანიზმთან დაკავშირებით. გაჟღერდა კითხვა, რომელიც ეხებოდა შემთხვევას, როდესაც ერთზე მეტი სუბიექტის მიერ შეიძლება დაფიქსირდეს დადგენილი მარჟის (რაც შესაძლებელია მცირე რეიტინგის მქონე პარტიის მიერ მაჟორიტარული მანდატების მოპოვების შემთხევაში) გადაჭარბება და მსგავს ვითარებაში მანდატების განაწილების საკითხს.

ირაკლი კობახიძემ განმარტა ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის მოქმედების პრინციპი და აღნიშნა, რომ ხმათა 40%-ის მოპოვების შემთხვევაში პარტია ვერ აიღებს 75-ზე მეტ მანდატს, ანუ, აბსოლუტურ უმრავლესობას.

მარიამ ჯაშის აზრით, წარმოუდგენელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პირობებში რომელიმე პარტიის მხრიდან უმრავლესობის მოპოვება.

მოქალაქე ნანა ასანიძის მხრიდან წარდგენილ იქნა შემდეგი კითხვა: რატომ დაიწია ბარიერმა 1%-მდე და რამდენად პასუხობენ 1%-იანი პარტიები საზოგადოების განწყობას?

ირმა ინაშვილმა დააფიქსირა, რომ არ უჭერს მხარს ბარიერის 1%-მდე დაწევას და მიიჩნევს, რომ მსგავსი ბარიერი არის უმრავლესობის მხრიდან მცირე პარტიებისათვის „გაღებული საჩუქარი“. შესაბამისად, იგი ემხრობა 3%-იანი ბარიერის არსებობას.

მარიამ ჯაშის პოზიციით, 1%-იანი ბარიერი მიღებულ იქნა პოლიტიკური კრიზისის დროს, ფართო პოლიტიკური შეთანხმების დემონსტრირების ფონზე, როდესაც 1%-იანი ბარიერი აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისათვის მისაღები წინადადება და შედგა ფართო კონსენსუსი. მანვე დასძინა, რომ მათი ფრაქციისათვის ნებისმიერი ბარიერი მისაღებია.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში დისპროპორცია მეტი იქნება, ვიდრე 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში. მისი თქმით, პლურალიზმთან ერთად სტაბილურობაც უნდა იყოს დაცული, ხოლო 120/30-ით სტაბილურობა უზრუნველყოფილია და იძლევა ბარიერის დაწევის შესაძლებლობას, რაც მცირე პარტიებსაც უქმნის მანდატების მიღების შესაძლებლობას.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარტიების უდიდესი უმრავლესობის ინტერესში იყო ბარიერის დაწევა. მისი თქმით, ყველასათვის თანაბარი პირობების შესაქმნელად 1%-იანი ბარიერი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და კონკურენტულს ხდის როგორც ახალ, ისე მცირე პარტიებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რაც უფრო მაღალია ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატიც მეტი რჩება და დისპროპორციის რისკი იზრდება.

შემდგომ გაიჟღერა მოქალაქე თამაზ გაბისონიას კითხვამ: ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არ მიდის არჩევნებზე, ჩატარებულა თუ არა კვლევა, რომელიც დაადგენდა ამომრჩევლების პასიურობის მიზეზს და აპირებთ თუ არა ისევ დაბალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე აპელირებით მიიყვანოთ მოსახლეობა არჩევნებზე?

მარიამ ჯაშის აზრით, როდესაც უზრუნველყოფილია სავალდებულო არჩევნები შესაბამისი რეგულაციებით, მკვეთრად იზრდება მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის ხარისხიც. ამასთან, მოქალაქეთა სრული ჩართულობა არჩევნების აუცილებელი პირობაა.

სავალდებულო არჩევნების იდეა პოზიტიურად შეაფასა ირმა ინაშვილმაც.

არჩილ თალაკვაძის პოზიციით, სავალდებულო არჩევნების მექანიზმი იმუშავებს მაშინ, როდესაც სანქციები იქნება გათვალისწინებული. ხოლო სანქციების დაწესებას არ ემხრობა თუნდაც იმ მიზეზით, რომ მიგრაციაში მყოფი თანამოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და, შესაბამისად, მათი და სხვა მსგავს ან თუნდაც განსხვავებული მიზეზის მქონე მოქალაქეების დაჯარიმება სრულად მიუღებელი და სოციალურად გაუმართლებელია. შესაბამისად, საარჩევნო უფლებით ყველა მოქალაქე ისარგებლებს ისე როგორც თავად თვლის საჭიროდ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 30-მდე ქვეყანაში დანერგილი სავალდებულო არჩევნების ინსტიტუტი არ არის წარმატებული არცერთ ქვეყანაში. შესაბამისად, იმ რეგულაციების გადმოტანას, რასაც არცერთ ქვეყანაში არ უმუშავია, მხარს არ უჭერს.

მოქალაქე ზაზა გენიაშვილი დაინტერესდა, საარჩევნო სისტემა და საკონსტიტუციო ცვილებები ხომ არ გახდა პარტიებს შორის ვაჭრობის საგანი და შეიძლება თუ არა, რომ კიდევ ერთხელ ჩავარდეს ცვლილებები, ვინაიდან ამჯერად ოპოზიცია არ უჭერს მხარს კანონპროექტს.

მოქალაქე გიორგი გედენიძისა და როლანდ კომახიძის მიერ წარდგენილ იქნა იდენტური შინაარსის კითხვა, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღების საკითხს.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მხარს უჭერს წარმოდგენილ ცვლილებებს და ეს დაფიქსირდება კენჭისყრაზე. მისი თქმით, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება ცვლილებებს, მაშინ კანონპროექტის მიღებას საფრთხე დაემუქრება და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხიც შესაბამისად გადანაწილდება.

კითხვა დაისვა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არჩევნების ჩატარების სპეციფიკაზეც.

შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა შეაჯამეს გამართული მსჯელობა და დამატებით განმარტეს ის საკითხები, რომლებზეც მოსახლეობას კითხვები ჰქონდა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის შედეგად შეჯერდა, რომ არჩევნები ჩატარდება უბნებზე მთელი რიგი რეგულაციების დაცვით, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი ერთსულოვნად უჭერს მხარს.

მარიამ ჯაშმა შემაჯამებელ სიტყვაში აქცენტი გააკეთა, რომ მიესალმება მმართველი გუნდის ერთსულოვან დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მან წინასწარ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისათვის და ისაუბრა ამომრჩეველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში. იგი იმედოვნებს, რომ პანდემიის პირობებში ხელი არ შეეშლება დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ირმა ინაშვილის პოზიციით, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ამავდროულად მან გამოხატა ერთგვარი წუხილი იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის გარეშე ვერ გამოინახა რესურსი ხსენებული საკითხის გადასაწყვეტად. ირმა ინაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები მხარდაჭერილი და მიღებული იქნება.

არჩილ თალაკვაძემ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სჯერა თავისი მოქალაქეების და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მოსახლეობა არჩევნებზე, ისევე, როგოც ყოველთვის, ეს არჩევანი იქნება მისაღები მმართველი გუნდისათვის. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ თუ ცვლილებებს რაიმე საფრთხე შეექმნება ოპოზიციის მხრიდან, პასუხისმგებლობა იქნება გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში სწორედ პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწევთ ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.

ამის შემდეგ წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.