empty

ოქმი N2


„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს

კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/443; 11.03.2020)
საყოველთაო-სახალხო განხილვა
ოქმი N2

ბათუმი, 2020 წლის 13 ივნისი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
(პირდაპირი ეთერი)

პრეზიდიუმის შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, ირმა ინაშვილი, მარიამ ჯაში, თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე.

შეხვედრის წამყვანი - გიორგი აბაზაძე. წამყვანმა შეხვედრა გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ტელეეთერებით მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში განხილვას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მასპინძლობდა. შეხვედრა, აგრეთვე, გადაიცემოდა აჭარის რადიოთი. მან მაყურებელს მოახსენა, რომ განხილვა შეეხებოდა 85 პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე. ასევე, განსაზღვრულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისათვის - იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. პროექტი, ასევე ითვალისწინებს 40%-იან შემაკავებელ მექანიზმს. კერძოდ, თუ პარტიას არ ექნება სულ მცირე ამომრჩეველთა 40,54%-ის მხარდაჭერა, ის ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მაჟორიტარული ოლქი ექნება მას მოგებული. წამყვანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში საკუთარი სურვილით არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

მისასალმებელ სიტყვაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის რიგით მეორე საყოველთაო-სახალხო განხილვის ბათუმში გამართვის გამო. მან განაცხადა, რომ განსახილველი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მეტად გაძლიერებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მისასალმებელი სიტყვა დაიწყო 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებზე საუბრით. მან აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ამავდროულად უპრეცედენტო სოლიდარობისა და ერთიანობის მომენტი საქართველოს ისტორიაში. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველი საკითხი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ვინაიდან პროექტი უშუალოდ 2020 წლის საპარლამენტო და, საჭიროების შემთხვევაში, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წესს ეხება. რაც შეეხება, ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი ძალის უდიდესი მონაპოვარი და ისტორიული გადაწყვეტილებაა 2018 წელს განხორციელებული კონსტიტუციის გადასინჯვა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ევროპული ტიპის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გარანტირებულია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. არჩილ თალაკვაძემ ტელემაყურებლებს გააცნო საკონსტიტუციო ცვლილების არსი და განმარტა, რომ:
„ცვლილება 120/30-ზე“ ითვალისწინებს 120 პარლამენტის წევრის არჩევას პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატის არჩევას მაჟორიტარული ოლქებიდან;

1%-იანი საარჩევნო ბარიერი გულისხმობს, რომ ის პარტია, რომელიც ვერ გადალახავს ხსენებულ ბარიერს, ვერ შეძლებს თავისი წარმომადგენლების შეყვანას პარლამენტში. აღნიშნული დათქმა ეხება ბლოკებსაც. კერძოდ, თუ პარტიები გადაწყვეტენ ერთად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაშინ ბარიერი იქნება იმდენჯერადი რამდენი პოლიტიკური პარტიაც გაერთიანდება შესაბამის ბლოკში;

40%-იანი ჩამკეტი - თუ პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას;

გაუნაწილებელი მანდატები - განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე;

30 მაჟორიტარული ოლქი ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად და ოპოზიციის ფართო სპექტრთან შეთანხმებით;

პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ პარლამენტი 19 ივნისიდან დაიწყებს წარმოდგენილი ცვლილებების განხილვას, რომლის მისაღებად საჭიროა 113 ხმა, მმართველი გუნდი კი ერთსულოვნად უჭერს მხარს კანონპროექტს და ეს დაფიქსირდება კიდეც კენჭისყრაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა 2020 წლიდან უნდა გადასულიყო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, ვინაიდან ისეთი სახელმწიფოსთვის როგორიც საქართველოა, სრულად პროპორციული სისტემა არის ყველაზე სწორი საარჩვენო სისტემა. ვიცე-სპიკერის თქმით, ამომრჩეველთა ხმა და მათი გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა აისახებოდეს მანდატების რაოდენობაზე და პარლამენტი იმ შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს. ამავე დროს, ირმა ინაშვილი მიესლმა იმ ფაქტს, რომ 2024 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციითაა გარანტირებული. იგი, აგრეთვე, მხარს უჭერს დღის წესრიგში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას. მისივე აზრით, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არა 120/30-ზე სისტემით, არამედ სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მართლაც ევროპული ტიპის კონსტიტუცია მიიღო. მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია საარჩევნო სისტემის ნაწილში მას შემდეგ გადაისინჯება, რაც საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს განსახილველ კანონპროექტს და სისტემის ძირითად ასპექტები ცნობილი იქნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მადლობა გადაუხადა აჭარის ტელევიზიას მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ მოცემულ საარჩევნო სისტემას ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა აქვს. ამასთან, მან წუხილი დააფიქსირა იმის გამო, რომ საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი სრულად არ მონაწილეობდა განხილვის პროცესში. გიორგი კახიანმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სრული შემადგენლობით კენჭისყრაზე მაინც გამოხატავს მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი. ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი ძალის დამსახურებაა, ის რომ 2024 წლიდან ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა; განსახილველი ცვლილება კი ეხება გარდამავალ პერიოდს და მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო და 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნებს. მან საზოგადოებას გააცნო 120/30-ზე საარჩევნო სისტემის არსი და ხაზი გაუსვა, რომ კეთდება მაქსიმუმი სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. გიორგი კახიანის პოზიციით, განსახილველი საარჩვენო სისტემა პოლიტიკური სტაბილურობისა და პლურალიზმის სათანადო დოზით უზრუნველყოფილის გარანტიებს ქმნის.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა აჭარის ტელევიზიას მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა 2020 წლიდან სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას და იმედგაცრუებულია შესაბამისი ცვლილების ჩავარდნასთან დაკავშირებით. მარიამ ჯაშმა მოუწოდა კოლეგებს შემოთავაზებული კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ. მან საზოგადოებას აცნობა, რომ განხილვაში მონაწილეობას იღებდა როგორც არა მხოლოდ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელი, არამედ როგორც ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ გენერალური მდივანი.

ამის შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა:

მოქალაქე გიორგი სანიკიძის კითხვა ეხებოდა, თუ რამდენად საკმარისი იქნება 30 მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რეგიონების ინტერესების სრულყოფილად წარმოსადგენად და პრაქტიკულად რამდენად შესაძლებელი იქნება მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება.

გიორგი კახიანმა განმარტა, რომ მაჟორიტარული ოლქების გამსხვილება და საერთო ჯამში 30 ოლქის ჩამოყალიბება არის ერთობლივი შეთანხმების ნაწილი. მისი თქმით, შესაძლოა შეიცვალოს მაჟორიტარების მუშაობის სპეციფიკა, თუმცა, ისინი აუცილებლად გაუმკლავდებიან აღნიშნულ გამოწვევას და ღირსეულ წარმომადგენლობას გაუწევენ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებს.
ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ უჭერს მხარს მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას. მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატის ინტერესი ამ შემთხვევაში არ არის სათანადოდ წარმოდგენილი და ფინანსური რესურსის არმქონე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ძალიან გაუჭირდება სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების მიღება. შესაბამისად, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ფუნქცია სწორად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული და ახსნილი საზოგადოებისათვის ამასთან, მისი აზრით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაშინ როცა მაჟორიტარის როლი სრულიად გაქრება, უკეთ შეძლებს უზრუნველყოს რეგიონების განვითარება, წინსვლა და მოსახლეობის დახმარება. მან დააფიქსირა ინიციატივა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად გამოცხადების თაობაზე.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მსხვილი მაჟორიტარული ოლქები არ ქმნის იმის პრობლემას რომ ოლქებში სწორი მმართველობა ვერ განხორციელდეს, მისი თქმით, სწორედ ამისთვის არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა შესაბამისი ბერკეტები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წლიდან, როცა მაჟორიტარები აღარ იქნებიან, ეს არ უნდა იქნეს აღქმული იმად, რომ პარტიები ადამიანის პრობლემებით აღარ დაინტერესდებიან.

მოქალაქის შეკითხვა სოფელ ორთაბათუმიდან შეეხებოდა, თუ რატომ მიუერთეს მისი სოფელი ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქს, მაშინ როდესაც წესით ეს დასახლება, ისევე როგორც სოფლები: ფერია და ახალშენი ხელვაჩაურს და იმ მაჟორიტარულ ოლქს უნდა მიეკუთვნოს, სადაც ხსენებული მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი შედის.

დავით გაბაიძემ განმარტა, რომ ხელვაჩაურის დიდი ნაწილი მაღალმთიანი აჭარის სამაჟორიტარო ოლქში ხვდება და გასათვალისწინებელია მოქალაქის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელვაჩაურის სხვა დასახლებებთან ერთად ორთაბათუმი, ახალშენი და ფერია მიეკუთნოს მაღალმთიანი აჭარის ოლქს. მისივე თქმით, მახინჯაური შესაძლებელია დარჩეს ისე, როგორც არის წარმოდგენილი - ქობულეთის სამაჟორიტარო ოლქში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ იგი, როგორც პარლამენტის სპიკერი და კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე, აუცილებლად დააყენებს კომისიის შემდეგ სხდომაზე აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს პენსიონერთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ჯემალ ჯიჯავაძე დაინტერესდა, თუ რა პრინციპით მიიღებს ცალკეული რეგიონი მაჟორიტარულ კვოტას. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება 3 მაჟორიტარი, რაც არ არის საკმარისი და ეს ციფრი 5-მდე უნდა გაიზარდოს.

თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეს უპასუხა, რომ მაჟორიტარული კვოტების განსაზღვრისას ელექტორატის რაოდენობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

გიორგი კახიანის თქმით, ოლქების გადანაწილება უნდა განხორციელდეს თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, ხოლო ოლქების საზღვრების დადგენის კანონპროექტით წარმოდგენილი ვერსია არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი, რომელიც შესაძლოა მუშაობის პროცესში კიდევ გადაიხედოს.

მარიამ ჯაშის თქმით, არსებობს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით მერიებიდან, საკრებულოებიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის წარმომადგენლების გაფრთხილება, რათა გამორიცხონ ყოველგვარი თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მან მოითხოვა თუნდაც ჭორის დონეზე მსგავსი საკითხების აღმოფხვრა და სრული სერიოზულობით სიტუაციის გაკონტროლება. მარიამ ჯაშმა, აგრეთვე, ისაუბრა 8 მარტის შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ ის სისხლის სამართლის საქმეები, რაც შეთანხმებით განიხილებოდა, მისი და მისი პარტიის პოზიციით, არ არის პოლიტიზირებული და შესაბამის პატიმრებს არ თვლის პოლიტპატიმრებად. მანვე მოითხოვა ხელშეუხებლობის გარანტია ბიზნეს სექტორისათვის.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესის დემოკრატიული და სწორი მიმდინარეობა აუცილებელი პირობაა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე და ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. შესაბამისად, საგრძნობლად მკაცრდება საარჩევნო რეგულაციები. რაც შეეხება ბიზნესის შევიწროვებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს საკითხი დღეს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხილვის საგანი არ უნდა იყოს. თუმცა, ნებისმიერი ობიექტური ჩივილი ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული იქნება და რეაგირებაც არ დააყოვნებს. მანვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია სწორი კამპანიის წარმოება, რათა მოქალაქეებს მეტი განემარტოთ არჩევნების ფარულობის პრინციპზე, რათა თუკი რაიმე სახის ზეწოლას ექნება ადგილი ნებისმიერმა მოქალაქემ ხმა აიმაღლოს. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მისი პოზიციისა და მიღებული გარანტიებისათვის.

მოქალაქე ჯამბულ შარაძის კითხვა ეხებოდა პანდემიის გამწვავების შემთხვევაში არჩევნების ჩატარების პექსპექტივას.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში და თუკი საქართველოს აქვს ამ კუთხით კონტროლირებადი და კარგი ვითარება, ეს არის ექიმების, ეპიდემიოლოგების, ექთნების, შესაბამისი სამსახურების, მთავრობისა და ზოგადად ყველას დამსახურება, ვინაიდან გადაიდგა სწორი და დროული ნაბიჯები. მისი თქმით, არჩევნების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გაიმართება შეხვედრები და კონსულტაციები როგორც ოპოზიციასთან, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და პარტნიორებთან. შესაბამისად, შემუშავებულ იქნება ისეთი წესები, რომლებიც უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ირმა ინაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიით გამოწვეული ვითარება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის არჩევნების პერიოდში. მისი აზრით, უნდა გაიზარდოს საარჩევნო უბნები, რათა რიგები და სხვა ისეთი პრობლემა, რამაც შესაძლოა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყოს, აღმოიფხვრას. აგრეთვე, ირმა ინაშვილმა ისაუბრა საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოითხოვა საარჩვენო სიების დაზუსტება. მისივე თქმით, საარჩევნო კომისიაში ქართულ ოცნებას ჰყავს 9 წევრი, რაც არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ხელს უშლის.

არჩილ თალაკვაძემ პასუხად განაცხადა, რომ კომისიაში 9 წევრი არც ერთ საარჩევნო დონეზე არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და არც სხვა პარტიას. მისი განმარტებით, საარჩევნო კომისია იყოფა ორ ნაწილად - პროფესიული ნაწილი და პარტიული წარმომადგენლობა. პარტიულ ნაწილში არის ბალანსი და პარიტეტი. რაც შეეხება პროფესიულ ნაწილს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ ნაწილში დაობს ოპოზიცია, თითქოს ამ ნიშნით შერჩეული პირები მმართველი ძალის მხარეს იჭერდნენ და იმისათვის, რომ მსგავსი სპეკულაციები დასრულდეს და ოპოზიციას ეჭვები გაუქრეს, მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობა. მანვე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, არამედ სჭირდება გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების მუშაობის შედეგად ამ პროცესში ჩართული იქნება ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელიც. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, არასოდეს ისეთი მოწესრიგებული არ ყოფილა როგორც დღეს. შესაბამისად, თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება მაქსიმალურად დაცული.

მოქალაქეებმა, მათ შორის, ნათია მიქელაძემ და რუსუდან ფუტკარაძემ ითხოვეს დაზუსტება 40%-იანი ჩამკეტის მუშაობის პრინციპსა და ბარიერის 1%-მდე დაწევის არგუმენტაციაზე, რადგან ამ ყველაფერის შედეგად არაერთი პატარა პარტია შეიძლება მოხვდეს პარლამენტში.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ თუ პროპორციულ ნაწილში პოლიტიკური პარტია არ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, მას არსებული ფორმულის მიხედვით, არ ექნება პარლამენტში 75 დეპუტატზე მეტის გაყვანის საშუალება. მისი თქმით, არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს მცირე მხარდაჭერით საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა.

ირმა ინაშვილმა ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა 1%-იან ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა, ხაზი გაუსვა პარლამენტში მრავალპარტიულობის მნიშვნელობას. მისი პოზიციით, პლურალიზმი და მრავალპარტიულობა არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, ხოლო 1%-იანი ბარიერი ერთგვარი „საჩუქარია“ პატარა პარტიებისათვის. ირმა ინაშვილმა 3%-იანი ბარიერის დაწესებას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი პარტიების განვითარებას.

გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ვინაიდან წარმოდგენილი სისტემა 2020 წლიდან 2024 წალმდე გარდამავალ პერიოდს ეხება, ის უნდა იძლეოდეს პარტიული სისტემისა და, მათ შორის, შედარებით სუსტი პარტიების განვითარების შანსს, რათა მათ ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა ქვეყნის საპარლამენტო, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. მან დასძინა, რომ 2024 წლიდან ქვეყნისათვის და საპარლამენტო ცხოვრებისათვის სულ სხვა დღის წესრიგი დგება და ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 5%-იანი ბარიერით.

მოქალაქეები დაინტერესდნენ არჩევნებზე სავალდებულო წესით მონაწილეობის საკითხის შესახებაც.

მარიამ ჯაშის თქმით, „სავალდებულო არჩევნების“ დანერგვა, მკვეთრად ზრდის მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის პროცენტულობას, ხოლო მოქალაქეთა სრული ჩართულობა არჩევნების აუცილებელი პირობაა.

გიორგი კახიანის პოზიციით, საქართველოში არ არის აუცილებელი არჩევნების სავალდებულოობის დანერგვა, ვინაიდან მოსახლეობა ისედაც ძალიან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში.

გაიჟღერა კითხვამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის რისკებთან დაკავშირებითაც.

გიორგი კახიანის თქმით, კანონპროექტის განსახილველად და მხარდასაჭერად ვადა საკმარისია. კერძოდ, საპარლამენტო განხილვა ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს, რაც შეეხება მხარდაჭერას, მან კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს.

მოქალაქე ნიკა ბახტაძის კითხვა ეხებოდა პარლამენტის მიერ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებისა და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ასევე პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების საკითხს.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ როგორც კი კენჭი ეყრება კონსტიტუციურ კანონპროექტს, მაშინვე დაიწყება საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტის განხილვა. რაც შეეხება დაფინანსებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შემუშავებულია პროპორციული რეგრესული დაფინანსების სისტემა, რომლის მიხედვითაც პარტიის მიერ მიღებული მხარდაჭერის მიხედვით განისაზღვრება დაფინანსებაც - დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში იმოქმედებს ცვლადი, რომელიც დაბალი მხარდაჭერის პარტიებს მისცემს საშუალებას მიიღონ იმაზე ბევრად მეტი დაფინანსება, ვიდრე ეს მათ მიერ მოპოვებული ხმებით იყო შესაძლებელი.

შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა შეაჯამეს გამართული მსჯელობა და დამატებით განმარტეს ის საკითხები, რომლებზეც მოსახლეობას კითხვები ჰქონდა.

ირმა ინაშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა წინსვლისათვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა მხარს უჭერს და ემხრობა შემოთავაზებულ, 120/30-ზე საარჩევნო სისტემას.

გიორგი კახიანმა შემაჯამებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს დახვეწილ საარჩევნო კანონმდებლობასა და დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა აჭარის მოსახლეობას იმ აქტიურობისათვის და ჩართულობისათვის, რაც მათ გამოიჩინეს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის კუთხით. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მხარდაჭერილი იქნება და 2020 წლის არჩევნებსა და ეპიდემიას საქართველო ღირსეულად გაუმკლავდება.

დავით გაბაიძემ შემაჯამებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო კომისიას მუშაობისათვის და აჭარის მოსახლეობას აქტიურობისათვის. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი ხელს უწყობს პოლიტიკურ პლურალიზმსა და სტაბილურობას. იგი იმედოვნებს, რომ პროექტი მხარდაჭერილი და მიღებული იქნება, ხოლო შემდგომ - ცვლილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც განახორციელებს შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მარიამ ჯაშმა შემაჯამებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ტელევიზიას მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ პარტიის რეგისტრაციის პროცესმა ჩაიარა უხარვეზოდ და სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების მუშაობას მაქსიმალურად ხელშეწყობილია. მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესები იმავე რეჟიმში გაგრძელდება. მან აჭარის საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ვინაიდან თითოეული ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.

შემაჯამებელი სიტყვით დაასრულა შეხვედრა არჩილ თალაკვაძემ და მადლობა გადაუხადა აჭარის ტელევიზიას მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ შედგა ძალიან საინტერესო განხილვა და მოსახლეობას უფრო უკეთ განემარტა განსახორციელებელი ცვლილების არსი. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ამცნო, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვა დასასრულს მიუახლოვდა და უკვე პარლამენტში გაგრძელდება შესაბამისი მუშაობა. მან კოლეგებს ცვლილებების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, ხოლო, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციურ კანონპროექტს ქართული ოცნების მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

ამის შემდეგ წამყვანმა გიორგი აბაზაძემ შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.