ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

07 ოქტომბერი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს. 

პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ კომიტეტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 5% ეკონომიკურ ზრდაზეა პროგნოზირებული და ამ მაჩვენებლის მიხედვით ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა. მისივე თქმით, ბიუჯეტის შედგენისას გარკვეული რისკები კვლავაც რჩება და იგი პანდემიას უკავშირდება.

გიორგი კაკაურიძე მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები წარმოადგინა. მან ასევე საბიუჯეტო დეფიციტზე, საგარეო ვალების მომსახურებასა და კომიტეტების სფეროში შემავალი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მაჩვენებლებზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251.0 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით 30,0 მლნ ლარზე მეტი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 161,0 მლნ ლარი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისათვის - 16.5 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 41.4 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის - 8.8 მლნ ლარი; იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - 7.3 მლნ ლარი; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის - 8.0 მლნ ლარი.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტების წევრებმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არის საიმედო პროგნოზები, მიუხედავად პანდემიის პირობებში არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა. 

მიუხედავად 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 5% -ის ფარგლებში კლებისა, 2021 წლისთვის პროგნოზირებულია ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ამ მდგომარეობით. იმედია, რომ ეს მიდგომა და პროგნოზი შენარჩუნებული იქნება. მსოფლიო დღეს დგას გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით, ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ეფექტიანი მართვით და პარლამენტის აქტიური ჩართვით ამ პროცესში, შეძლებს ეფექტიანად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს და შევძლებთ ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2020 წლის 7 ოქტომბერი