ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

16 თებერვალი 2017
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა დასრულდა.

საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებმა დღეს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე იმსჯელეს.

სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მოხსენება დელეგაციის წევრებმა, აკაკი ზოიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინეს.

მომხსენებლებმა კოლეგებს სოციალური დაცვის გაუმჯობესების კუთხით სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდამდე არსებობდა.

საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე მოხსენება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა წარადგინა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის თანათავმჯდომარეობით, სხდომის ბოლოს, ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სტანდარტების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კვლავ სამაგალითოა. მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ძირითადი ფასეულობაა. კომიტეტი აღიარებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორცილების შედეგად მიღწეულ პროგრესს, რითაც საქართველო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი გახდა და ამ სფეროში განვითარებას განაგრძობს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მიესალმება, რათა სრულად იქნას განხორციელებული თომას ჰამერბერგის ანგარიშის „საქართველო გარდამავალ პერიოდში“ რეკომენდაციები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სისტემის მიმართულებით. კომიტეტი მიესალმება სარეაბილიტაციო და არასაპატიმრო სასჯელის ხელშემწყობი პროგრამების გახორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას. რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ღირსეული ნაბიჯები გადაიდგა პროკურატურის დეპოლიტიზაციის, სამართალწარმოების გამჭვირვალობის, პოლიტიკური მოტივისგან გათავისუფლებისა და თანასწორობის გაძლიერების თვალსაზრისით.

კომიტეტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან, განსაკუთრებით, მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო სფეროებში.

ასოცირების შეთანხმება სრულად ვრცელდება საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის სრული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და იმეორებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის როლი ასოცირების შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის ზედამხედველობაზე. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად შესრულება უნდა განხორციელდეს მრავალპარტიული კონსტრუქციული დიალოგის განვითარებით და საპარლამენტო სტრუქტურაში კარგად კოორდინირებული დეპოლიტიზირებული მუდმივი საჯარო სამსახურის დახმარებით.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მუშაობაში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, თამარ ხულორდავასთან ერთად, აკაკი ზოიძე, ოთარ დანელია, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში და ოთარ კახიძე მონაწილეობდნენ.