ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ

17 თებერვალი 2017
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის პარლამენტის წევრ ანა გომეშს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს, ასევე პარლამენტის საქმიანობის ცალკეულ ასპექტებს დაეთმო.

„ანა გომეში არის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია საქართველოზე მუშაობს და არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები საქართველოში. ვისაუბრეთ მედიის მონოპოლიზაციის თაობაზე, საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე პროცესებზე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, საუბარი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებსაც შეეხო: „მათ იციან, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ევროპის პარლამენტის წევრი ანა გომეში საქართველოს ვიზიტად დღეს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ, ქართული მხარის საჭიროებების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრები ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“, საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.

გალერეა

  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ , 2017 წლის 17 თებერვალი
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ , 2017 წლის 17 თებერვალი