გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს

07 ოქტომბერი 2014
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მილიონ 40 ათასი ლარით, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიონ 100 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ იმსჯელეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტით, მთლიანი სახელმწიფოს ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 9 მილიარდ 350 მილიონ ლარს, მატება წინა წელთან შედარებით 270 მლნ ლარს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2014 წლის დაფინანსება იყო 31 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წელს განსაზღვრულია 35 მილიონ 40 ათასი ლარი. ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის დაფინანსება, როგორიც არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობა, გაზრდილია 3 მილიონ 760 ათასი ლარით. გაზრდილი დაფინანსებით არის წარმოდგენილი სატყეო სისტემის ჩამოყალიბების პროგრამა, 140 ათასი ლარით იზრდება გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებაშიც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 55 მილიონი ლარით. აქედან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა - 3 მილიონ 300 ათასი ლარით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები - 42 მილიონ 300ათასი ლარით, სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 4 მილიონ 700 ათასი ლარით, ხოლო ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები - 4 მილიონ 700 ათასი ლარით. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები გამოითქვა სამინისტროს ასიგნებების მიმართ. როგორც კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი იყო 82 მილიონი ლარი, რომელშიც გათვალისწინებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი  ყველა  მნიშვნელოვანი პროექტი თუ ღონისძიება.  როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბიუჯეტით წარმოდგენილ ასიგნებებს დაემატოს 27 მილიონი ლარი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ შესრულებას ემსახურება, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია სოციალურ და ეკონომიკის წამახალისებელ პროგრამებზე ორიენტაცია, რაც აისახება შესაბამისი სამინისტროების ასიგნებებში.

დღესვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს „გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2004 წლის 16 თებერვლის კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს ზღვისა და სანაპირო ეკოსისტემების დაცვას და მდგრად გამოყენებას, ასევე წყლის მავნე ნივთიერებით და პათოგენებით მიყენებული ზიანის შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრის საშუალებებს. იგი მხარეებს ავალდებულებს არ დააზიანონ და არ მიაყენენონ ზარალი საკუთარ და სხვა სახელმწიფოებს, საზღვაო გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას, წყლის ხარისხსა და რესურსებს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, შავი ზღვის დაბინძურების თავიდან აცილება და მავნე პათოგენური ორგანიზმების მინიმალურ რაოდენობამდე შემცირება უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოსთვის.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, შეთანხმების გაფორმება არ იწვევს საქართველოსთვის დამატებით ფინანსური ვალდებულებების აღებას და საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს