ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

15 სექტემბერი 2015
ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. ორი დღის განმავლობაში 32 ქვეყნის 120-მდე დელეგატმა ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში, საპარლამენტო გამჭვირვალობის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, ახალი სტანდარტების და მეთოდების საკითხებზე იმსჯელა.

კონფერენციის სამუშაო ნაწილის დახურვის ცერემონიალზე, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, შემაჯამებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ მიმართა. მან კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პარლამენტში ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვისთვის და კონფერენციის მონაწილეებს დემოკრატიის დღეც მიულოცა.

„ეს კონფერენცია შესაძლოა გახდეს სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების და საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცების ქვაკუთხედი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ საშუალებებს მოგვცემს. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მეტად მნიშვნელოვან და საინტერსო თემებზე ვიმსჯელეთ, როგორიცაა დემოკრატიული ჩართულობა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დემოკრატიის შენების პროცესში უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენი პარლამენტების საქმიანობა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ორგანიზატორებს - ჩილეს ეროვნულ კონგრესს, ღია მმართველობის გამჭვირვალობას და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვისთვის და განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ჩართულობა, რომელმაც პირადი კონტრიბუცია და წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რათა განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ არსებული მიღწევები. ოქტომბრის ბოლოს, მეხიკოში მნიშვნელოვან და საინტერესო სამიტს ველოდებით და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დემოკრატიული მშენებლობის კუთხით კიდევ უფრო გაიზარდოს და გაიშალოს ჩვენი საქმიანობის არეალი“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

კონფერენციის წარმატებით ჩატარება მის დელეგატებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანუშ ჰერმანმა მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის გამოწვევები და ტექნოლოგიები, რაც საპარლამენტო ღიაობის მისაღწევად არის საჭირო. რაც შეეხება ღონისძიების თბილისში ჩატარების საკითხს, ელჩის შეფასებით, საქართველო მიზანმიმართულად მიილტვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისკენ და დემოკრატიული რეფორმების გამტკიცების გზაზე სრული გაგება და კონსესუსი არსებობს.

შშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინელმა, საპარლამენტო ღიაობის გამტკიცებაში, აღნიშნულ კონფერენციას მაღალი შეფასება მისცა და ღონისძიების გამართვისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს გულითადი მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა სამოქმედო გეგმის მიღებით, მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაამტკიცა, რითაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე 18 ვალდებულება აიღო, რაც საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველობის პროგრამის დირექტორმა, სკოტ ჰუბლიმ კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შთაბეჭდილებებით და პოზიტიური განწყობით ტოვებს. „ვიმუშავეთ წარმატებულად და მოუთმენლად ველი შემდგომ შეხვედრებს. მჯერა, რომ საქართველო შეძლებს და არსებულ გამოწვევებს ღირსეულად დაძლევს და საპარლამენტო ღიაობის კუთხით კიდევ არაერთ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს“, - აღნიშნა სკოტ ჰუბლიმ.

ჩილეს კონგრესის დეპუტატმა, ფელიპე უარდ ედვარდსმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში კონფერენციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ათასი კილომეტრის გამოვლამ ნამდვილად გაამართლა და ჩილეს დელეგაცია საინტერესო ფორუმის მონაწილე გახდა. მისივე შეფასებით, კონფერენციაზე ნათლად წარმოჩინდა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებებისა, ღიაობის თვალსაზრისით, სახელმწიფოებს საერთო გამოწვევები და ინტერესები აქვთ - საზოგადოება, თითქმის ყველგან, პოლიტიკურ პროცესებში მეტ ჩართულობას და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს ითხოვს.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლი მოინახულეს. დელეგატებმა საექსკურსიო ტურის ფარგლებში იუსტიციის სახლი დაათვალიერეს და საჯარო და სამოქალაქო განვითარების სერვისებს გაეცნენ. კონფერენციის მონაწილეებს იუსტიციის სახლისგან სიმბოლურად, სასაჩუქრე ქართული პასპორტები გადაეცათ.


 

კონფერენციის მეორე დღის ვიდეომასალა >>>>

კონფერენციის მეორე დღის ფოტოგალერეა >>>