იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

31 მარტი 2015
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

საარსებო შემწეობის ბენეფიციარები სახელმწიფოს მიმართ საარსებო შეწმეობის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის ინიციატორიც ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.
წარმოდგენილი ცვლილებით, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საარსებო შემწეობის თანხა ითვლება ლეგალიზებულად და არ ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, შეწყვეტას ექვემდებარება ყველა სასამართლო დავა და სააღსრულებო წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საარსებო შემწეობის ბენეფიციართა მხრიდან სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია საარსებო შემწეობის თანხის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვითა და გაცემით. ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, საარსებო შემწეობის ზედმეტად არასწორად მიღების მიუხედავად, შესაბამისი პირები სოციალურად მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, რის გამოც მათ სასარგებლოდ ზედმეტად არასწორად გადახდილი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება, მიზანშეუწონელია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით განიხილა კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ინიციატორიც ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.

კანონპროექტის თაობაზე მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილება ეხება გარდამავალ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უნდა უზრუნველყონ აღნიშნული კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში (ნაცვლად 3 თვისა) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი. რაც შეეხება იმ ძირითად დებულებებს, რომლებიც ეხება მარტოხელა მშობელთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ძალაში შევა 2015 წლის 15 ივნისიდან (ნაცვლად 15 აპრილისა).

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის 11 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილება და კოდექსს დაემატა 11911 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვებისა და დაკარგვის საფუძვლებს. ამასთან, ამავე კანონით განისაზღვრა საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ვალდებულება, ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოიკვეთა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება სხვა საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელების გარეშე, სერიოზულ სირთულეებს გამოიწვევს ამ საკანონმდებლო აქტის პრაქტიკაში განხორციელების დროს. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ აუცილებელია ცვლილების შეტანა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის №2892-Iს კანონში და კანონის ამოქმედებისა და საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანების გამოცემის ვადის 2 თვით - 2015 წლის 15 აპრილიდან 2015 წლის 15 ივნისამდე - გახანგრძლივება, რაც სათანადო უწყებებს მისცემს საშუალებას ცვლილებები მოამზადონ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული პრობლემები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 31 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 31 მარტი