„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

21 იანვარი 2017
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმ საკითხების იდენტიფიცირება მოხდა, რომელებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადებიდან გამომდინარე გამოიკვეთა. საკითხები შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნას, სამერვეო საბჭოს არჩევას და სხვა. სამუშოა ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ისე უნდა დაიხვეწოს და გახდეს მოქნილი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამუშო ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება და საკითხთა ჩამონათვალიც შეიძლება გაიზარდოს.

„ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე საკითხზე, რაც კანონმდებლობის კუთხით ხარვეზებს და პრობლემებს ქმნის. ეს ეხება შიდა საქმიანობას როგორც უფებამოსილების ფარგლების გამიჯვნის კუთხით, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო წინადადებები, რომლებსაც სამუშო ჯგუფი განიხილავს. შემდეგი შეხვედრისთვის გვექნება შესაძლებლობა უკვე შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდეთ. მოვიწვევთ დამატებით ექსპერტებს. ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დოკუმენტი მზად იქნება, უფრო ფართო აუდიტორიასთან გაიმართება დისკუსია.

„მთავარი ამოცანა არის ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიზანი, რომ ის გამოხატავდეს იმ ძირითად არსს, რაც კანონითაა დადგენილი, რომ მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 იანვრის სხდომაზე მიიღო, როდესაც განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება.

გალერეა

  • „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა, 2017 წლის 21 იანვარი
  • „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა, 2017 წლის 21 იანვარი
  • „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა, 2017 წლის 21 იანვარი