პარლამენტის ბიუროს სხდომა

01 ივლისი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს, სადაც პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი განიხილება, რომელშიც შედის ხელშესახები, ძალიან პროგრესული ცვლილებები და ეს არის საარჩევნო კოდექსის რეფორმა. „ეს ცვლილებები უკავშირდება სარჩევნო კამპანიის ჩატარებას, პარტიების დაფინანსების წესს, არჩევნების დღეს, მედიასთან და სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ საკითხებს, და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რაც წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის და ოპოზიციისთვის ძალიან სასურველი იყო, რომ ასეთი ცვლილებები მომხდარიყო. ეს დღეს გახდა შესაძლებელი და თქვენ ყველანი ხართ ამ პროცესის მონაწილე, დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროთ ამ ცვლილებებს“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ცვლილებები ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, „ჩვენ, როგორც ქვეყანა, ასევე როგორც პოლიტიკური ძალა და მმართველი პოლიტიკური პარტია კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს, რომ ერთგული ვართ დემოკრატიული პრინციპების და ჩვენი ქვეყანა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და სვლას უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისკენ, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ სისტემას შესძენს მეტ სტაბილურობას და მას კიდევ უფრო მეტად ჩააყენებს ჩვენი მომავლის სამსახურში“.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს რეფორმები სხვა რეფორმებთან ერთად, არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის შემადგენელი და ამ რეფორმების წარმატებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და „ნატო“-ში.

მან ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინ ამ რეფორმების ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად აცხადებდა თავს, არ ესწრება დღეს ბიუროს სხდომას და მათ არც საკომიტეტო განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა.

„ალბათ ამასაც გარკვეული ახსნა-განმარტებები სჭირდება, მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ რასაც განცხადებებში ეთანხმებიან, მხარს უჭერენ და მეტიც, ამბობენ, რომ ეს ყოველთვის იყო მათი დიდი სურვილი და ინიციატივა, მერე იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და კენჭისყრაში მხარს არ უჭერენ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

პანდემია ჯერ არ არის დასრულებული და აქვე მინდა გავიხსენო კონკრეტულად ამ ორი პოლიტიკური პარტიის განცხადებები საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც პარლამენტი იყო გადასული საგანგებო რეჟიმში, მახსოვს ისინი გვსაყვედურობდნენ და მათი მედიასაშუალებებით ამას აკეთებდნენ ძალიან მონდომებით, პარლამენტი რატომ არ მუშაობს, მოვიწვიოთ სხდომები, ჩავატაროთ განხილვები, რატომ ვკარგავთ დროსო, ამ ფონზე დღეს მით უფრო ცინიკური და ღიმილის მომგვრელიც არის ამ პარტიების ქცევა, როდესაც პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში საქმიანობს, მეტიც, საგანგებო სესია გვაქვს მოწვეული, რომ დროულად დავასრულოთ ეს რეფორმა და რაც დავპირდით საზოგადოებას ის გავაკეთოთ ბოლომდე, ამ დროს ზუსტად არც განხილვებში მონაწილეობენ, არც ბიუროს სხდომაზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები სათანადო დასკვნას გამოიტანენ აქედან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია გააცნო იმის შესახებ, რომ დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვალა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უმწიკვლო და ღირსეული სამსახურისთვის და გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მიულოცა ეს საპატიო თანამდებობა.

„კანონმდებლობით განსაზღვრულია თავდაცვის ძალების მეთაურის სამსახურის ვადა 3 წლით და ეს თანამდებობა ჩაიბარა ახალმა თავდაცვის ძალების მეთაურმა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს სწორი რეგულაციაა კანონმდებლობით, თითოეულმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ ღირსეული, უმწიკვლო სამსახურით თითოეულ ჯარისკაცს შეუძლია გახდეს თავდაცვის ძალების მეთაური“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამის შემდეგ ბიურომ იმსჯელა პლენარული სხდომის დღის წესრიგზე, სადაც დეპუტატები 90-მდე კანონპროექტს განიხილავენ, მოისმენენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), სახელმწიფო ინსპექტორის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2019 წლის წლიურ ანგარიშებს.

ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე. ამის შემდეგ ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი