პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

14 დეკემბერი 2015
პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭო შეიქმნება. ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის საკითხი და მასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, კონცეფცია და დებულება.

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, თამარ კორძაიას განცხადებით, აღნიშნული საბჭოს შექმნა უშუალოდ არის დაკავშირებული „ღია მმართველობის“ ინიციატივასთან და მასში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის თაობაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან. თამარ კორძაიას თქმით, საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ 2015 წლის 17 ივლისს დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის ფუნქციის მატარებელი ორგანოს შექმნას. საბჭო შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს პარლამენტში ღია მმართველობის სრულყოფიას მიზნით. საბჭოს შემადგენლობა პარლამენტში არსებული ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლით იქნება დაკომპლექტებული. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის, გიორგი კახიანის მოსაზრებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრიც, სურვილის შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარეობას გაუწევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. თამარ კორძაიას ინფორმაციით, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მომზადებულ რეგლამენტის პროექტს პარლამენტი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მისივე ვარაუდით, საბჭო 31 დეკემბრისთვის უკვე შექმნილი იქნება.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, საბჭოსთან იქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო ჯგუფი საბჭოს ფუნქციების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. თამარ კორძაიას განცხადებით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც რეგლამენტში კიდევ 7 ცვლილების შეტანას საჭიროებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების რეგლამენტში ასახვა საბჭოს შექმნის შემდეგ განხორციელდება.

ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება საბჭოს თავმჯდომარე. „საბჭოს თავმჯდომარის მონდომებაზე, აქტიურობასა და ჩართულობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საბჭოს წარმატებები“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. მან წარმატებისა და გამართული მუშაობისთვის ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად საბჭოს აპარატის შექმნა დაასახელა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარის, გიორგი კლდიაშვილის მოსაზრებით, საბჭო იქნება მყარი გარანტი იმისა, რომ საპარლამენტო გამჭვირვალობა მომავალშიც, პარლამენტის შემდეგი მოწვევების დროს გაგრძელდება და იმუშავებს.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოისმინეს და იმსჯელეს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში ისეთი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების შესახებ, როგორებიცაა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. ინიციატივის ავტორმა ორგანიზაციებმა ვრცლად ისაუბრეს თითოეული ვალდებულების განხორციელების ეტაპებზე, მათ შორის უკვე მიღწეულ პროგრესზე და შემდგომ ნაბიჯებზე.

პრეზენტაციებისა და გამოსვლების შემდეგ, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ კორძაიამ დასვა საკითხი, რომ შეიქმნას „OGP კალენდარი” და ვალდებულებების შინაარსიდან და თემიდან გამომდინარე, სამუშაო ქვეჯგუფების ფორმატში გაგრძელდეს ინსტენსიური მუშაობა. „სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, თავისთავად, ამა თუ იმ ფორმით, ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, მათი თემატურად დაჯგუფება და კონკრეტულ სამუშაო ჯგუფში განხილვა და დამუშავება გაცილებით ეფექტური და შედეგის მომცემი იქნება“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების თაობაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბერაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ვალდებულება, რომელიც პარლამენტის აპარატის ინიციატივით მომზადდა უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე, პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერება. მისივე განმარტებით, პარლამენტის აპარატის ინიციატივები უკავშირდება პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის საქმიანობას და ის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იქნას განხილული, ვიდრე არსებული სამოქმედო გეგმით დადგენილი ვადებია. ნინო ბერაძის ინფორმაციით, აღნიშნული ვალდებულების ქვეშ იყო 4 ქვეჯგუფი, რომელთა უმეტესობა უკვე შესრულებულია ან განხორციელების ფაზაშია. „პირველი ეს იყო საპარლამენტო ღიაობის კვირეულის ჩატარება, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით და დახმარებით ყველამ ერთად შევძელით. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ერთობლივი ძალებით, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ასევე, დონორი ორგანიზაციების ჩართულობით შევძლებთ, რომ საქართველოს პარლამენტს საზოგადოების ინტერესი მივაპყროთ და უკეთ ავხსნათ რას საქმიანობს პარლამენტი“, - აღნიშნა ნინო ბერაძემ. მან ისაუბრა, ასევე, სტუდენტების ჩართულობის შესახებ საკანონმდებლო საქმიანობაში. მისი განცხადებით, აპარატმა ივნისიდან, სამოქმედო გეგმის შემუშავების ბოლო ეტაპზე, მოახდინა საპარლამენტო კომიტეტების თემატური შეხვედრების ორგანიზება საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. „კომიტეტების დახმარებით და აქტიური ჩართულობით უკვე შედგა რვა თემატური შეხვედრა, რითაც უზრუნველყოფილია პარლამენტისა და ახალგაზრდების პირდაპირი კომუნიკაცია. ამან, საბედნიეროდ, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰპოვა სტუდენტებში“, - აღნიშნა ნინო ბერაძემ. მან ისაუბრა, ასევე, პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნის თაობაზე, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის ვებპორტალის სრულ რესტრუქტურიზაციაზე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საჭიროებების დეტალური შესწავლა, რაშიც გვეხმარება დონორი. ახალი ვებგვერდის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავისთავად ცხადია, რომ ვებგვერდის რესტრუქტურიზაციის პროექტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით იქნა აღებული სამოქმედო გეგმით. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ახალი ვებგვერდი არ არის პანაცეა; ახლანდელი პორტალიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ვალდებულებები, რაც აღებული გვაქვს 2016 წლის ბოლომდე, მოქმედ ვებგვერდზე იყოს ასახული“, - აღნიშნა ნინო ბერაძემ.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა კონკურსის „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა“ მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია. სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბრეგაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის მენეჯერმა, სოფი გერიშმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. გამარჯვებულ ხუთეულს საჩუქრები გადაეცა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) 2011 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას. დღეისათვის ინიციატივის წევრია მსოფლიოს 65 ქვეყანა. საქართველომ, როგორც წევრმა ქვეყანამ, უპასუხა ახალ ინიციატივას საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით და 2014 წლის 12 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხოლოდ რამდენიმე წევრ ქვეყანას აქვს მიღებული საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა. ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობას მხარს უჭერდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის პარტნიორობით. იგი არის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ნაწილი.

გალერეა

  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი
  • პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, 2015 წლის 14 დეკემბერი