პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის ბრიფინგი

29 იანვარი 2018
პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა ტორტონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა ტორტონმა მის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებით გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, განუხრელად მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და მტკიცედ გმობს ქვეყნის ოკუპაციას - არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!? 

„სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი შეუძლებელია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიც NDI-ია. ლორა ტორტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ - ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესებს იცავდნენ“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას. 

„მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

პარლამენტის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება არა ფრაქცია „ქართული ოცნების“ არამედ, მხოლოდ მისი, როგორც ცალკეული დეპუტატის მოსაზრებას წარმოადგენს.

გალერეა

  • პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის ბრიფინგი, 2018 წლის 29 იანვარი
  • პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის ბრიფინგი, 2018 წლის 29 იანვარი