პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

12 თებერვალი 2016
პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. „დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ცოტა განსხვავებული და, მე ვიტყოდი, საზეიმო ხასიათისაა იმიტომ, რომ ესაა პირველი შეკრება უკვე საკანონმდებლო დონეზე დაფუძნებული საბჭოს ფორმატში ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე”, - მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მუშაობაში მონაწილე დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. „ჩვენ გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტებთან ერთად საკმაოდ საინტერესო საქმიანობა გასწია. ამ საქმიანობის შედეგად, ჩვენ გვაქვს ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია განსახორციელებელი,”-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი მოსაზრებით, სამოქმედო გეგმა საკმაოდ ამბიციურია, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა გახდეს არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალე, არამედ უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისთვის და მოქალაქეებისთვის, ამასთანავე, გახდეს უფრო ეფექტური; დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები; საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში წინმსწრებად და სრულად მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო გეგმის მიხედვით, ძალიან ბევრი კარგი ჩანაფიქრია, რომელსაც სერიოზული მიდგომა სჭირდება. „მე მგონი, ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ ამ გეგმის ცალკეული ნაწილები არათუ დაძრული, არამედ უკვე გაკეთებულია და წინ მივიწევთ. საეტაპო მნიშვნელობის იყო ყველა ჩვენგანისთვის, და არამხოლოდ ჩვენგანისთვის, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიება. ეს იყო კონფერენცია, რომელზეც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა გადაწყვიტა ჩამობრძანება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, საქართველოს გამოცდილება გაგვეზიარებინა კოლეგებისთვის პრაქტიკულად ყველა კონტინენტიდან, მათი ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოგვესმინა სამდღიანი მუშაობის შედეგად”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიულოცა მექსიკაში ჩატარებულ ფორუმში გამარჯვება: „მინდა მოგილოცოთ ის აღიარება, რაც ჩვენს საქმიანობას წილად ხვდა მექსიკაში ჩატარებული ფორუმის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი აღიარებული იქნა როგორც ლიდერი, ჩემპიონი პარლამენტი სწორედ აღნიშნულ სფეროში. ამ ყველაფერში ძალიან დიდია წვლილი პარლამენტის წევრების, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტია წვლილი ჩვენი პარტნიორების - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების. მათი ძალიან ფოკუსირებული, ძალიან კარგად გააზრებული ტაქტიკაც, თანამშრომლობაც, რეკომენდაციებიც, ინიციატივებიც იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ პარლამენტში ეს თემა პრიორიტეტად გვექცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, NDI-ის, UNDP-ის და სხვების, ვინც ამ პროცესში ჩართული იყვნენ და დღესაც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ“, - მიმართა პარლამენტის სხდომის მუშაობაში მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუდმივმოქმედი საბჭოს ჩამოსაყალიბებლად პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში „ეს საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა სწორედ დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფის მიერ“, - განმარტა მან.

პირველ სხდომაზე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება და საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცეს. დღესვე თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს: „რომ არა თქვენ, ეს დებულება არ იქნებოდა ამ ფორმის, ვფიქრობ, ყველა პრინციპული საკითხი, რაც იყო მოწოდებული, ასახულია მასში“. მისი თქმით, დღევანდელი სხდომის ოქმით დამტკიცდება საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა. „ეს იქნება ის შემადგენლობა, რომელიც იყო ღია მმართველობის საქმიანობის სათავეებთან და, ასევე, რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც ჯგუფში გაწევრიანების სურვილი აქვს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო არის ოფიციალური და ფორმალური ორგანო. „დებულება რა სტრუქტურასაც გვთავაზობს, საკმაოდ ინოვაციურია, რადგან აქ არის მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ საპარლამენტო საქმიანობის წესებს და ჩარჩოებს რაიმე ბარიერები კი არ დაეწესებინა არასამთავრობო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის, არამედ გამოგვეძებნა ის მოდელები, რომლითაც ყველა მსურველ ორგანიზაციას შეეძლება აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, სამუშაო გეგმა თითოეული მიმართულებით ძალიან დიდი შრომის გაწევას მოითხოვს. „მინდა გამოვთქვა მზაობა, რომ ჩემთვის ეს საქმე არის და იქნება პრიორიტეტული და მინდა გთხოვოთ იგივე ყველას, პირველ რიგში, პარლამენტის წევრებს, ყველას, ვინც დღეს გვესწრება და ვერ გვესწრება. საბჭო ინტერფრაქციულია, ყველა პოლიტიკური ჯგუფია მასში წარმოდგენილი და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში მონაწილეობა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს 17-18 თებერვალს საქართველოში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსის და მთავარი მრჩევლის, ომარ აშმავის დაგეგმილი საქმიანი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ომარ აშმავი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებს. „შეხვედრის მიზანია, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესებში და ამ პროცესებში ჩართული პირებისთვის აშშ-ის გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

***
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა იხილეთ აქ.

ვრცლად ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის (ქ. თბილისი, 14-15 სექტემბერი, 2015 წ.) შესახებ იხილეთ აქ.

ვრცლად ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის (ქ. მეხიკო, 27-29 ოქტომბერი, 2015 წ.) და საქართველოს მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ.      

გალერეა

  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი
  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი
  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი
  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი
  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი
  • პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, 2016 წლის 12 თებერვალი