პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“

19 ივნისი 2017
პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“

დღეს პარლამენტში, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „მუხლი პირველმა“ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოაწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები". ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, გუგული მაღრაძე, ანრი ოხანაშვილი, კობა ნარჩემაშვილი.

სტუდენტების ოთხმა ჯგუფმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგინა. პირველ ორ ჯგუფს შორის გამართული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა დავით მათიკაშვილი, ხოლო მეორე ორ ჯგუფს შორის გამართულს - კობა ნარჩემაშვილი.

კონკურსანტებმა მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკომიტეტო მოსმენისთვის განსაზღვრული წესით წარმოადგინეს. ერთი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე ოპონენტი გუნდი რეგლამენტით დადგენილ დროში გამოთქვამდა შენიშვნებს.

ჟიურიმ გუნდებს შორის ის საუკეთესო გუნდი შეარჩია, რომელმაც საკანონმდებლო ტექნიკისა და კანონის განმარტების მეთოდების, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა გამოავლინა. გარდა ამისა, ჟიურიმ საუკეთესო გუნდების დასახელებისას, ყურადღება მიაქცია იმასაც, თუ რომელი გუნდის წევრების მსჯელობა იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა, ასევე, დარგობრივი იურიდიული ლექსიკის სიმდიდრე და იურიდიული კატეგორიების სწორად გამოყენება.

დეპუტატებმა აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გუგული მაღრაძის თქმით, დროულია და არსებითად მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტში შეიქმნა ფორმატი, რაც ახალგაზრდობის ინტერესს გააძლიერებს პარლამენტის, როგორც უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის მიმართ.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდებს შეექმნებათ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენა პარლამენტის როლსა და საქმიანობაზე. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს პროფესიონალი კადრების მომზადებასა და საპარლამენტო ცხოვრების მაღალი კულტურის განვითარებას.

კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, პრაქტიკული ცოდნა მიიღონ საკანონმდებლო ტექნიკის, სამართლებრივი წერის, ნომატიულ აქტებზე მუშაობის მიმართულებებით. „ახალგაზრდები ამ სფეროში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დააფუძნებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას მომავალში ან ამ საქმიანობისთვის მომზადების გეგმას, თუკი ის დაკავშირებული იქნება პარლამენტთან. როგორც მოქალაქეებს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოადგებათ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური და ინფორმირებული სამოქალაქო ჩართულობისთვის“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

გალერეა

  • პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“, 2017 წლის 19 ივნისი
  • პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“, 2017 წლის 19 ივნისი
  • პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“, 2017 წლის 19 ივნისი
  • პარლამენტში სტუდენტურ გუნდებს შორის კონკურსი მოეწყო თემაზე: „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომები“, 2017 წლის 19 ივნისი