საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

23 დეკემბერი 2014
საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ევროკავშირს, როგორც დონორს, საქართველოს, როგორც ბენეფიციარს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს შორის „ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსათვის 46 მილიონ ევრომდე“ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ და „ევროკავშირს, როგორც სესხის გამცემს, საქართველოს, როგორც მსესხებელს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც მსესხებლის ფინანსურ აგენტს შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსათვის“ სესხის ხელშეკრულებები’’. 

2014 წლის 11 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ფინანსურ დახმარებას, რაც გულისხმობს საქართველოსთვის 46 მილიონ ევრომდე თანხის გამოყოფას, საიდანაც 23 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება სესხის სახით, ხოლო დანარჩენი 23 მილიონი გრანტის სახით. აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდება 2 ტრანშად. პირველი ტრანშის დროს გამოყოფილი 23 მილიონი ევროდან 13 მილიონ ევრომდე იქნება გამოყოფილი გრანტის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე სესხის სახით. მეორე ტრანშის გამოყოფა მოხდება მას შემდეგ, რაც განხორციელდება რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, სოციალური დაცვის, ფინანსური სექტორის, ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში. სესხის ფინანსური პირობების დადგენა მოხდება სესხის თითოეული ტრანშის ჩამორიცხვისათვის ევროკავშირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. პირველადი ინფორმაციით, სესხის ვადიანობა შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 15 წელი (შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით), რომელიც ასევე შეთანხმდება ტრანშის ჩარიცხვის დროს.

საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტის მიერ.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2014  წლის  23 დეკემბერი
  • საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2014  წლის  23 დეკემბერი