საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება

15 ივლისი 2016


შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი საზარელი ტერაქტით გამოწვეული ტრაგედიის გამო. დაღუპულია მრავალი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხს. ამ უმძიმეს წუთებში საქართველო საფრანგეთის გვერდით დგას. ჩვენი მეგობარი ქვეყანა საფრანგეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სასტიკი ტერორისტული დარტყმის ქვეშ. ეს ყოველივე მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა!

სწორედ ახლახან, ჩვენ ნატოს სამიტზე და მის თანხმლებ ღონისძიებებზე კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ საერთო ძალისხმევის აუცილებლობაზე იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც ტერორიზმი ჰქვია.

მხოლოდ მთელი მსოფლიოს ერთობლივი ძალისმევით არის შესაძლებელი ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ გამკლავება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ყველანი, საყოველთაო მშვიდობის სადარაჯოზე, საფრანგეთის და იმ ქვეყნების გვერდით ვდგავართ, ვინც მსგავსი სისასტიკე განიცადა.

ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მიმართულია საყოველთაო ღირებულებების და იდეალების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერორიზმმა დაამარცხოს დემოკრატია და თავისუფლება.