საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

10 ივლისი 2020
საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ანგარიში რამდენიმე თვით ადრე იყო მოწოდებული და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მას გაცნობოდა.

„ინტერესი სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში ყოველთვის ძალიან მაღალია. წლევანდელი მოსმენაც არის ასევე, საპარლამენტო კონტროლის ძალიან ეფექტური საშუალება. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ამ ანგარიშს ვიხილავთ, ინტერესი მაღალია და ცხადია, ეს ინტერესი ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, უსაფრთხო და ჩვენი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ მხრივ ძალიან აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანგარიში სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წარადგინა.

„ანგარიშში ასახულია თუ რა გამოწვევები, რა პრობლემები და რა საფრთხეები არსებობდა 2019 წელს. ასევე, ასახული, თუ რას პასუხობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ პრობლემებს და გამოწვევებს“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ყურადღება შეაჩერა პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

„საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა სახელწიფოს დროულ და ეფექტურ ჩარევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ძლიერი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების არსებობას ქვეყანაში. ამ ვითარებაში, ჩვენი სამსახური 24-საათიან რეჟიმში ჩართულია სახელწმიფოს ძალისხმევაში, რათა დაძლეული იყოს ეპიდემია და შეიზღუდოს მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

მისივე თქმით, კვლავ რთულ და მტკივნეულ საკითხად რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები.

„2019 წლის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ როგორც ოკუპირებულ ცხინვალის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 100-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩატარდა. საოკუპაციო ძალების მიერ კვლავ მიმდინარეობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მოქალაქეების უკანონო დაკავებები. 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 27 უკანონო დაკავება დაფიქსირდა. ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაცია 2019 წელსაც განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კვლავ მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. სამსახურის მიერ ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ რეგიონებში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში კვლავ დგას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საკითხი.

„გასულ წელს საოკუპაციო ძალამ და დეფაქტო რეჟიმებმა კვლავ უარი განაცხადეს აღნიშნული პირების მკვლელობისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დადგენის მიზნით შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგათ“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თავის გამოსვლაში 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება ასევე აღნიშნულის მიღების ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის. გარდა აღნიშნულისა, მსგავსი აქტივობები შესაძლოა, მყისიერად იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ქვეყანაში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული.

„არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მიღებულმა ზომებმა, მათ შორის, გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა 2019 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებზე ისაუბრა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე. ხოლო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა არაერთი საჯარო მოხელე“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა: ჰიბრიდულ ომზე, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება; კონტრდაზვერვით საქმიანობაზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობაზე; ეკონომიკურ უსაფრთხოებზე; საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე და კიბერსადაზვერვო ოპერაციებზე; უწყებათაშორის თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე და სხვა საკითხებზე.

მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

გალერეა

  • საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, 2020 წლის 10 ივლისი