საპარლამენტო კომიტეტებმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილეს

27 ოქტომბერი 2015
საპარლამენტო კომიტეტებმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

წარმოდგენილი კანონპროექტი სასამართლოში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის ორთვიანი ვადის ერთ თვემდე შემცირებას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას კომიტეტის იმ შენიშვნის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე საკითხის განხილვის ვადა შესაძლებელი იქნება გაგრძელდეს 5 თვემდე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით, თუმცა კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ მეორე მოსმენით განხილვის დროს, დამატებით იმსჯელებენ, თუ რამდენი ხნით იქნება შესაძლებელი განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე საკითხის განხილვის ვადის გაგრძელება.

კანონმდებლობის თანახმად, ექსპროპრიაცია ხორციელდება ისეთი აუცილებელი საზოგადობერივი საჭიროების მქონე პროექტების განხორციელების მიზნით, როგორიცაა გზის და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რკინიგზის ხაზების გაყვანა, ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები და სხვა.

გალერეა

  • საპარლამენტო კომიტეტებმა ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილეს, 2015 წლის 27 ოქტომბერი
  • საპარლამენტო კომიტეტებმა ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილეს, 2015 წლის 27 ოქტომბერი