საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს

05 მაისი 2016
საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს

5 მაისს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესრულებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის წევრმა და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ, და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი კლდიაშვილმა. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ფარგლებში, ახლახან საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარედ აირჩიეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე მოხდეს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეგლამენტის ცვლილებების პროექტების დამუშავება და წარდგენა დასამტკიცებლად.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI Georgia) წარმოადგინეს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტების განახლებული ვერსიები. თითოეული პროექტი დეტალურად იქნა განხილული სამუშაო ჯგუფის მიერ და თითოეულ მათგანში პუნქტობრივად იქნა ცვლილებები და დამატებები შეტანილი.

რეგლამენტში ცვლილებების შესატანი პროექტის გაერთიანებულ და საბოლოო ვერსიას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ერთი კვირის ვადაში წარუდგენს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფს.

ასევე, შეხვედრაზე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კარგი მმართველობის ინიციატივის“ (GGI) წარმომადგენლებმა „პარლამენტის ვებგვერდის მომხმარებელთა კვლევის ანგარიში“ გააცნეს აუდიტორიას. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მიმართ არსებული და პოტენციური მომხმარებლების დამოკიდებულებები - აღქმები, შეფასებები, საჭიროებები და მოლოდინები. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის არსებული მახასიათებლების მიმოხილვა და შესაძლო გზები მისი გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას „ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული სიახლეების აღქმისა და მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ. კვლევა, რომლის ძირითადი ნაწილი ეთმობა კვლევის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, დაეხმარება საკანონმდებლო ორგანოს, გააუმჯობესოს არსებული ვებგვერდი და იმუშაოს იმ საჭირო ცვლილებებსა და სიახლეებზე, რისი მოთხოვნაც და საჭიროებაც გამოავლინა კვლევის შედეგებმა.

ამავე შეხვედრაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ წარმოადგინა ახალი პროექტი - ღია პარლამენტის მონიტორინგი - რომელსაც ისინი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებენ. პროექტის მიზანია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შესრულების მეთვალყურეობა და შეფასება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ვებგვერდის შექმნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომაროებას.  

* * *
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, 2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის N195/3 ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. მისი მოვალეობაა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა.

გალერეა

  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს, 2016 წლის 6 მაისი