საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

28 ოქტომბერი 2015
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

27-29 ოქტომბერს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი იმართება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები. აღნიშულ სამიტზე საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრი და ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი, თამარ კორძაია წარმოადგენს. ღიაობის გლობალური ფორუმის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ინტერფრაქციული ჯგუფის სარედაქციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ხოლო საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს.

მექსიკის გლობალური სამიტის ფარგლებში დაგეგმილი მთელი რიგი სემინარები, პანელური დისკუსიები, პლენარული სხდომები თუ სხვა ფორმატის შეხვედრები ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, აგრეთვე, პრაქტიკული მაგალითებისა და და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საჯარო სერვისების გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სიღარიბის დაძლევა და მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეთა მიმართ. წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღია მმართველობის პარტნიორობის როლს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ფორუმი შესაძლებლობას იძლევა განხილულ იქნას ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ქვეყნები ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით ღია მმართველობის პრინციპების განხორციელებისას.

28 ოქტომბერს, ღია მმართველობის პარტიორობის გლობალური სამიტი ოფიციალურად მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ გახსნა. გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორი ათასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, სტუმრებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის სამოქალაქო საზოგადოების თანა-თავმჯდომარემ, სუნიტა კაიმალიმ, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს მაგალითზეც გაამახვილა. „გუშინ, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, მმართველი კომიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, [სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის] წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, საქართველო „სახელისუფლებო ჩემპიონთა ჯილდოს” გამარჯვებულ ქვეყანად დაასახელა. საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობა ეფექტურად გამოიყენა მოქალაქეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მთავრობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, კორუფციის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით. პირველი სამოქმედო გეგმა, ძირითადად, ფოკუსირებული იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მეორე სამოქმედო გეგმა სრულიად ახალ სპექტრს გვთავაზობს საკითხებისა, რაშიც მოიაზრება საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ჩართულობის უზრუნველყოფის ასპექტები. სამთავრობო დონეზე ამ პროცესში სხვადასხვა სამინისტრო მონაწილეობს, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული ფორუმი მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის მუდმივი დიალოგის პლატფორმაა. და ახლა, საქართველომ ღია პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. [სამოქალაქო სექტორის] მნიშვნელოვანი ჩართულობის გზით, საქართველო საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ამით ღია მმართველობის მიმართულებით ქვეყნის ამბიციურ მიზნებს ახორციელებს”, - აღნიშნა სუნიტა კაიმალიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ოფიციალური გახსნის შემდეგ, პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ „მეტი ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მითუფრო, როდესაც ამ გაზიარების პროცესში მონაწილეობენ როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი ავტორიტეტი დაიმკვიდრა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა მმართველობის პროცესში, რაც ჩვენი მხრიდან მოითხოვს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სრულყოფილ შესრულებას.”

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი 2011 წელს გახდა და ღია მმართველობის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, 2014 წლის დეკემბერში ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად ორი წლის ვადით აირჩიეს. აღნიშნულ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა, როდესაც საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი და ღია პარლამენტის დეკლარაცია გაფორმდა. შედეგად კი, პარლამენტმა ღიაობის პრინციპებისა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. მიმდინარე წლის 17 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ამით საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც შემუშავებული აქვთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა. 2015 წლის 14-15 სექტემბერს, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას - „ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” - უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 32-მდე ქვეყნის 150-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და ღია მმართველობის თემაზე მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

28 ოქტომბერს მექსიკის გლობალური სამიტის ოფიციალურად გახსნას წინ უძღოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” გამარჯვებული ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია. სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ქვეყანა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდა და 27 ოქტომბერს, სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის ჯილდო საქართველოს, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეცა. ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ აღნიშულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის დეკემბრიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” პროექტს ახორციელებს.