საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

07 მარტი 2016
საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს, ბორჯომში, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის და საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საბჭოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რის შემდგომაც განხილული იქნა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, ამ ვალდებულებების ინიციატორთა მიერ წარმოდგენილი კონცეფციები და მათი განხორციელების გზები. აღნიშნული სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს, რომელთაგან ამ დროისთვის შესრულებულია ორი ვალდებულება, კერძოდ: „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა“ (4.1. ვალდებულება, რომლის ინიციატორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI) და „საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე; პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერება“ (1.6. ვალდებულება, ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის აპარატი). 1.6 ვალდბეულების განხორციელების ეტაპები მოიცავდა საპარლამენტო ღიაობის კვირეულის დანერგვას და სტუდენტების ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში. მასში ასევე გათვალისწინებულია ვიზიტორთა პროგრამის გამრავალფეროვნება და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი რეგულარულად მასპინძლობს თემატურ გამოფენებს და ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო აქციებს.

შეხვედრა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამეტო საბჭოს თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა სოფო გურულმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს მიღწეულ წარმატებაზე, საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს მოუწოდეს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში უფრო აქტიური ჩართულობისკენ.

სამუშაო შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა სამი კონცეფცია ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ ვალდებულებებზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება“, „პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება“, „კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა“ და „საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენისა და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით“. საპარლამენტო საბჭომ მოიწონა აღნიშნული კონცეფციები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს IDFI-ს მიერ შემუშავებულ კონცეფციებში ასახულ ხედვაზე, ასევე, ვალდებულებების განხორციელების ტექნიკურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსის, ომარ ამშავისა და მისი მოადგილის პოლ სოლისთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავეს. შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებთან და აღნიშნული სანქციების აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რაზეც მსჯელობა უკვე ეთიკის კოდექსის სამუშაო ჯგუფში გაგრძელდება.

კონცეფციები წარმოადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც, რომელთა წინადადებები შეეხებოდა მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ აქტივობებს, მათ შორის ინოვაციურ მიდგომაბს. მსჯელობა გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შემოთავაზება კანონშემოქმედებით პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების თაობაზე.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს: ეთიკის კოდექსის, საკანონმდებლო ცვლილებების და ტექნოლოგიური სიახლეების საკითხებზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფები ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს და საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის პროდუქტიულობას და მასში ჩართულნი იქნებიან როგორც პარლამენეტის წევრები და პარლამენტის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტები, ისე საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“ - ფარგლებში, რომელიც საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას უჭერს მხარს. აღნიშნული პროექტი IDFI-ს მიერ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.