საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადება

10 ნოემბერი 2018


გვსურს, გამოვეხმაუროთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა 2008 წელს დაასრულა. კომისიის მუშაობის მასალები ავტომატურად გადავიდა არქივში.

2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებპორტალი. ძველი ვებპორტალიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებპორტალზე გადმოტანა.

განახლებულ ვებპორტალზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით იქნა გადმოტანილი. ვებპორტალზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012-2013 წლებში განხორციელებული არაერთი კიბერშეტევის შედეგადაც. ამჟამად მოქმედმა ვებპორტალმა 2013 წლის ოქტომბრის კიბერშეტევის შემდეგ ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ განთავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წლის ივლისში (2008-2012 წლების, VII მოწვევის პარლამენტის დროს) შექმნილ ოფიციალურ ვებპორტალზე.