საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა

26 თებერვალი 2010
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეექვსედ წარსდგა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე დეპუტატები პარლამენტში საპატიო სტუმრის სტატუსით მყოფ  რუს ჟურნალისტებს: ვალერია ნოვოდვორსკაიას, კონსტანტინ ბოროვოის, ანდრეი ილარიონოვს და ოლეგ პანფილოვს მიესალმნენ.  

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის  განცხადებით,  ეს ადამიანები  საქართველოს გვერდით მისთვის ყველაზე რთულ  და მძიმე წუთებში იდგნენ.    
“ყველას გვახსოვს მათი სამოქალაქო და ვაჟკაცური პოზიცია სიმართლის სასარგებლოდ და  არა საქართველოსთვის”,- აღნიშნა  დავით ბაქრაძემ.  

საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლა ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გახსენებით დაიწყო. მისი თქმით, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპორტული ნაგებობა აშენდება. პარლამენტის დარბაზში მყოფ ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლებს დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა განვლილი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთა შორის, მისი თქმით იყო როგორც წარმატებები, ასევე ჩავარდნებიც.

მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება 2008–2009 წლების იმ გამოწვევებზე შეაჩერა, რომელთა წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა:  ,,განვლილი წლებიდან, არც  ერთი იყო, ისეთი დრამატული, როგორიც 2008, და ისეთი მძიმე, როგორიც 2009. გასული  2009 წლის სირთულე განაპირობა სამმა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა, სხვადასხვა ბუნების მქონე, მაგრამ თითქმის თანაბრად დამანგრეველმა მოვლენამ. პირველი, ეს იყო რუსული ინტერვენცია, რამაც უდიდეს სახელმწიფოებრივ და ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მეორე, ეს იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამაც ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მტკივნეული ეკონომიკური შოკი გამოიწვია და მესამე,  გასული წლის აპრილი-მაისის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა,  რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ყველა პარამეტრის მიხედვით უფრო დაბალ ნიშნულებზე  ჩამოვიდა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სტაბილურობა და 90-იანი წლების ქაოსსა და განუკითხაობაში დაბრუნების საშიშროება გააჩინა“.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოხერხდა სახელმწიფოებრიობის, ასეევე მთლიანობაში ეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება, ნაკისრი სოციალური დაცვის ვალდებულებების შესრულება, საბანკო სისტემის გადარჩენა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველ რიგში ეს არის ხალხის, საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურება. ,,ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! მადლობას გიხდით  იმისათვის, რომ ასეთი განსაცდელის დროს ერთბაშად გამოავლინეთ ყველა ეროვნული ღირსება. გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა თავდადებამ და გამბედაობამ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ინტერვენციის დროს; გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა შრომამ, გონიერებამ და მონდომებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიო კრიზისის გაძლება და რაც მთავარია, გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა საზრიანობამ, ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის ძლიერმა ინსტინქტმა და დიდსულოვნებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ გასულ გაზაფხულზე წინააღმდეგობებითა და დაპირისპირებით დამუხტული პოლიტიკური ვითარება არ გადაიზარდა ძალადობაში. ეს მადლობა ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტული პარტიის, ყველა პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენელს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის მომხრე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2010 წელი იქნება გაჯანსაღების წელი, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალურ–პოლიტიკური თვალსაზრისით: "უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დაღმა სვლა შეჩერებულია. ეკონომიკის ყველა სფეროში შეინიშნება ვითარების გაჯანსაღება. კრიზისის ყველაზე რთული ეტაპი გადალახულია. ყველა ფისკალური მაჩვენებელი დასტაბილურებულია და მინუსის ნიშნები უკვე პლიუსებმა ჩაანაცვლა“.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კრიზისის დაძლევა შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკის წყალობით, რომელიც საუკეთესო ქართველმა და უცხოელმა ეკონომიკურმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. მისი თქმით, საქართველოში ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები გაგრძელდება და ეს პროცესი  შეუქცევადი ხასიათისაა: ,,მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკის შენების გზით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილ გაჯანსაღებას, მხოლოდ ასე  შევქმნით შეუზღუდავი შესაძლებლობების საზოგადოებას, რომელიც იქნება თავისუფალი კორუფციისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან, იქნება გახსნილი და ორიენტირებული განვითარებაზე, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში  კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება  უახლოეს მომავალში აპირებს. ,,გაგრძელდა ინვესტიციები ფოთის პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ისევე როგორც ქუთაისის ეკონომიკურ ზონაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენერგეტიკულ სექტორზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყნიდან ბოლო წლების განმავლობაში გატარებული დივერსიფიკაციული პოლიტიკის შედეგად გადაიქცა  ერთ-ერთ ყველაზე  ენერგოდამოუკიდებელ ქვეყნად.      

პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება უცვლელ პრიორიტეტად დარჩება: ,,მიმდინარეობს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზატკეცილის მშენებლობა, რომელიც 50 წუთამდე შეამცირებს თბილისი-თელავის მარშრუტს. ასევე მიმდინარეობს სვანეთი-რუისის გზის მშენებლობა. მალე დაიწყება ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედიის გზატკეცილის მშენებლობა. 2012 წლის ზაფხულში ბათუმში დასასვენებლად თბილისელები მანქანით ჩავლენ 2.5 საათში ნაცვლად თითქმის 5 საათისა და მატარებლით 2 საათსა და 50 წუთში, ხოლო ქუთაისში მატარებელი 1 საათსა 30 წუთში  ჩავა ნაცვლად 5-6 საათისა“.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ განისაზღვრა განათლების რეფორმის მეორე ეტაპის პრიორიტეტები. ,,განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების დონის ამაღლებას ზოგადი განათლების ეტაპზე.  განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სასკოლო ატესტატს, რომელიც მოსწავლეს ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შედეგად მიეცემა. მოსწავლე, რომელიც დაამთავრებს სკოლას, ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ საბუთს (სერტიფიკატს)“,–აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა სკოლებში მოსწავლეთა საანგარიშსწორებო ბარათის სისტემის დანერგვის საშუალებით.   

მიხეილ სააკაშვილმა  ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის გასატარებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა: ,,2008 და 2009 წლებმა მნიშვნელოვნად შეაფერხეს ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებით. კონკრეტულად კი, დიდი დარტყმა მიადგა 100 ახალი საავადმყოფოს პროექტს. აქედან გამომდინარე, მთავრობამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც ახალი საავადმყოფოების მშენებლობაში კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორი იქნება სახელმწიფო სექტორი. პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით დაიწყება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფოების მშენებლობა“. მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციასთან ერთად იზრდება კერძო ინიციატივები და დაინტერესება საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში  მიმდინარე რეფორმების მიმდინარეობისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში ჩააბარა:  ,,დაპირებისამებრ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რათა დაწყებულიყო მუშაობა კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე. იგი დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მიერ და მისი თავმჯდომარე, როგორც შეგპირდით, არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი.   პროცესში ჩართულია ვენეციის კომისია. რაც მთავარია, კომისიის მუშაობის მთავარი ორიენტირი სწორედ ის არის, რაც თავიდან განისაზღვრა: უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია, უფრო ძლიერი დემოკრატიული  ინსტიტუტებით“.

გადაიდგა ნაბიჯები სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისათვის საჭირო სისტემის შესაქმნელად. კერძოდ: პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს; პრეზიდენტი აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრი; ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეები წარმოადგენენ უმრავლესობას, მიღებულ იქნა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, ნაფიც მსაჯულთა სისტემა შემოღებულია, ექს-პარტე კომუნიკაცია აიკრძალა და მოსამართლესთან სასამართლო პროცესის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ კონტაქტის დამყარებაზე სასჯელი გამკაცრდა, დადგინდა  გამოძიებისთვის მკაცრად განსაზღვრული 60 დღიანი ვადა, მოწმის მიერ ჩვენების მიცემა წინასწარი გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ნებაყოფლობითია.

,,უფრო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, მე დაგპირდით რომ ოპოზიციასთან ერთად დავიწყებდით მუშაობას ახალ საარჩევნო კოდექსზე. ეს ასეც მოხდა და პროცესის კოორდინაცია ხორციელდებოდა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა და ახალი იქნა არჩეული იმ წესის მიხედვით, რომელიც შეთანხმდა ოპოზიციასთან ერთად და რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და აქვე აღნიშნა: "შეგპირდით, რომ თბილისის მერის არჩევნები იქნებოდა პირდაპირი. მიმდინარე წლის 30 მაისს დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და თბილისის მოსახლეობა პირველად აირჩევს პირდაპირ დედაქალაქის მერს“.

პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ჩვენი დემოკრატიისა და სამოქალაქო კულტურისათვის: ,,მინდა ყველა სახელმწიფო მოხელე კატეგორიულად გავაფრთხილო, რომ უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება“.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ პარტნიორებს  თხოვნით მიმართა, რათა მათ თავის მხრივ მოავლინონ დამკვირვებლები მონიტორინგის გაწევის მიზნით როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისათვის. ,,ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიზაციის საქმეში, გვინდა, რომ ამ არჩევნებით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას“,–აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

,,ამ გაზაფხულზეც ყველამ ერთად, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოვინდომოთ და გავაკეთოთ კიდევ ერთი რამ, რაც ჯერ არ მომხდარა კავკასიაში და რაც დაამტკიცებს, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ გვერქვას ევროპული დემოკრატია - ჩავატაროთ ყველაზე  თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები რეგიონში“.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე დაპირებისამებრ, ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური გარანტიები გაძლიერდა:  ოპოზიციის ლიდერები ჩაერთვნენ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მუშაობის პროცესში; გაიზარდა ოპოზიციის როლი საპარლამენტო მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.   

დემოკრატიის მეორე ტალღის ერთ-ერთ მთავარ დაპირებაზე – მედიის პლურალიზაციის ხელშეწყობაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა: ,,კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ინიშნება; გაჩნდა საკანონმდებლო გარანტიები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გაიმართება პოლიტიკური თოქ-შოუები და ყველა ძირითად პარტიას ექნება მონაწილეობის თანაბარი საშუალება: განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმა და გაიზარდა მისი უფლებები; მეორე არხის ბაზაზე სპეციალური სატელევიზიო არხი შეიქმნა, რომელიც შეუზღუდავად გააშუქებს მხოლოდ პოლიტიკურ ღონისძიებებს, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკური პარტიების სრულ პრესკონფერენციებს. ყველა სატელევიზიო არხს სატელიტური მაუწყებლობის უფლება  მიეცა“.

პრეზიდენტი   გამოვიდა ინიციატივით, – ყველა ქართული რეგიონული ტელევიზიისთვის გამოცხადდება  საგადასახადო ამნისტია, რაც  მისი აზრით, ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს  არჩევანი არის ევროპული, ცივილიზებული, მოდერნიზებული, დემოკრატიული საქართველოს შექმნა. საგარეო პოლიტიკური კურსი კი ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ინტეგრაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში. 

,,ეჭვი არ მეპარება, რომ ოდესღაც გვექნება თავისუფალი ფრენა მოსკოვთან, ნორმალური თანამშრომლური ურთიერთობებით.  დიახ, ეს არ იქნება ფრენა 37 მანეთად, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გაცილებით უკეთესია, მოსკოვში საფრენად ვიხადოთ საბაზრო ფასი, მაგრამ იქ ჩავდიოდეთ, როგორც თავისუფალი ევროპელები, ვიდრე ვიხადოთ იაფი ფასი, მაგრამ გვქონდეს პერიფერიელი ვასალის სტატუსი“,–აღნიშნა მიხეილ სააკშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დასახულ მიზნამდე ქვეყანას გასავლელი აქვს პოლიტიკური და დემოკრატიული გაჯანსაღების გზა და გასაგრძელებელი აქვს ეკონომიკური შენება.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უმცირესობისთვის განკუთვნილი 45 წუთი უმცირესობის რამდენიმე წევრზე გადანაწილდა: 10 წუთი დაეთმო მაგდა ანიკაშვილს, 5-5 წუთი გურამ ჩახვაძესა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

მაგდა ანიკაშვილმა პტრეზიდენტს და მის გუნდს მოუწოდა პირველ რიგში გადაიხედოს  ღატაკი ოჯახებისთვის უმწეობის ქულების მინიჭების საკითხი, რადგან ხშირ შემთხვევაში ელემენტარული საოჯახო ნივთის ქონა ხელს უშლის მათ მიიღონ უმწეოს სტატუსი და შესაბამისი დახმარება, რომელიც დეპუტატის თქმით მაინც არანაირად არ არის საკმარისი საარსებოდ.

მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია გრძელვადიანი და გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც მოიცავს მშობიარობის დაფინანსების გაზრდას და ბავშვთა მკურნალობის პროგრამაში ცვლილებებს. კერძოდ, უფასო მკურნალობა დეპუტატის აზრით უნდა შეეხებოდეს არა 3 წლამდე, არამედ 7 წლამდე ბავშვებს. ,,ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი შეეხო ინვალიდთა განათლებისა და მკურნალობის სფეროში არსებულ ხარვეზებს, ხშირადმოხმარებად მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებას. მან წარუმატებელი უწოდა ჰოსპიტალური განვითარების გეგმას და სიამაყით განაცხადა, რომ სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

პარლამენტის წევრმა, გურამ ჩახვაძემ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი ჭანტურიას სიტყვები გაიხსენა და კოლეგებს მოუწოდა: „დროა უარი ვთქვათ პოლიტიკურ ამპარტავნობაზე და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე, რადგან ედპ-ს მიაჩნია, რომ რუსული აგრესიის საპირწონე ქართული საზოგადოების ერთსულოვნება, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, შიდა დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნაა“. მან სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეების წერილები წაიკითხა და განაცხადა, „თუ ჩემი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები საკუთრებაზე, ეკონომიკურ საქმიანობაზე, დასაქმებაზე, სამედიცინო მოსახურებაზე, ღირსეულ სიბერეზე არ არის დაცული, მაშინ რაში მდგომარეობს ხელისუფლების როლი და დანიშნულება და სად გადის  ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან. უმუშევრობა დაუძლეველი სენია ჩვენი  ეკონომიკისთვის და ეკონომიკური თავისუფლება განკურნების უმთავრესი წამალი. თქვენ გსურთ დაამარცხოთ სიღარიბე საქართველოში, მაშინ ნაბიჯი გადადგით სისტემისაკენ, რომელიც ღიაა კონკურენციისა და თავისუფალი მეწარმეობისთვის“,- მიმართა მან პრეზიდენტს და იქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა პირდაპირ არის დამოკიდებული ადგილობრივ არჩევნებზე და მოითხოვა, პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, ქვეყნის საკეთილდღეოდ პასუხისმგებლობა აიღოს  სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე.

პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე თავის გამოსვლაში გახმაურებული სპეცოპერაციებისა და მკვლელობების თემას შეეხო და უმრავლესობას ბრალი დასდო, რომ ამ მკვლელობების ახალაღმოჩენილ გარემოებებთან  დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატების პეტიცია ჩააგდო. რომ ისინი არ არიან დაინტერესებული საქმეების ობიექტური გამოძიებით. დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხსაც შეეხო, რომლის გადაწყვეტილებებიც, მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში უსამართლო და აბსურდულია.

არაჯანსაღად მიიჩნია ოპოზიციის  კრიტიკა  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  გიორგი წერეთელმა. „მარტივია აკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ იოლი არ არის იყო ამ კრიტიკაში კომპეტენტური. საერთოდ არ იქნებოდა კრიტიკის საფუძველი, რომ არ განგვეხორციელებინა მრავალი რეფორმა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ერთი საუკუნეა ამერიკა ცდილობს სამართლიანი სისტემის დაფუძნებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოებას და მხოლოდ ახლა მივიდნენ ამ მიზანთან ახლოს. „საქართველო ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. რასაც სხვა ქვეყანა აკეთებს 20 წელიწადში, ჩვენ შეიძლება ერთ წელიწადში გავაკეთოთ, მაგარამ 2–3 წელი ნამდვილად არ არის საკმარისი იდეალური სისტემის შესაქმნელად“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ ლიბერალურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში მონაწილეობა  ფრაქციის გარეშე დარჩენილმა პარლამენტის წევრებმა, ჯონდი ბაღათურიამ და გიორგი ცაგარეიშვილმა მიიღეს.

ჯონდი  ბაღათურია აქართველოს პრეზიდენტს ოთხი საკითხის ირგვლივ კონსულტაციების დაწყებას მოუწოდებს.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, სოციალური პრობლემების  გადასაჭრელად ,,ქართული დასის“ მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტის განხორციელებაა საჭირო, რომელიც პენსიების საარსებო მინიმუმამდე – 150 ლარამდე გაზრდას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების პროექტების დაფინანსებას, კომუნალური გადასახადების ჩამოწერას და ყველა პენსიონერისა და  ყველა სოციალურად დაუცველი მოქალაქის უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

ჯონდი  ბაღათურიამ  პრეზიდენტს ნულოვან ტოლერანტობაზე უარის თქმისკენ, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისკენ, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ფართომასშტაბიანი ამნისტიისკენ  მოუწოდა.   

დეპუტატის აზრით, საგარეო ურთიერთობებში აუცილებელია უფრო  რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს კონფრონტაციული ტონი საგარეო ურთიერთობებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით  დამყარდეს პირდაპირი ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა თავის გამოსვლაში  გასულ წელს მასობრივი აქციების დროს დაზარალებული  მოქალაქეების საქმეებზე ისაუბრა. მან მიხელ სააკაშვილს ასევე მოუწოდა, რომ საჯარო გახდეს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან თანხების ხარჯვის საკითხი.

გიორგი ცაგარეიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც მის მიერ გაგზავნილ წერილებს თვეებისა და წლების განმავლობაში უპასუხოდ ტოვებენ.

უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა კი განაცხადა რომ ოპონენტები მხოლოდ წინასაარჩევნო გამოსვლებით შემოიფარგლებიან და მათი კრიტიკა უსაფუძვლოა.

ზურაბ მელიქიშვილმა იმ რეფორმების შედეგებზე  ისაუბრა,  რომელიც ოპონენტებისათვის წარმოუდგენელი იყო. ზურაბ მელიქიშვილმა ყურადღება გაამახვილა წარმატებულ ანტიკორუფციულ ბრძოლაზე და განაცხადა, რომ საქართველო კორუფციის დონის შემოწმების ნუსხიდან შესაძლოა საერთოდ ამოიღონ.

ზურაბ მელიქიშვილმა თავის გამოსვლა მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით დაასრულა – „არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავის წარმოსაჩენად სხვისი როლის დაკნინებას. ისინი ეწინააღმდეგებიან ყველაფერს ახალს და რეფორმატორულს და ცდილობენ ჩანასახშივე ჩაკლან და დაასამარონ ყოველივე, რამეთუ მათ თავად არ ძალუძთ ამის კეთება. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, ჩვეულებისამებრ მესაფლავეც ასამარებს საზოგადოებისათვის გაცილებით მნიშვნელოვან ადამიანებს, მაგრამ ის ამის შემდეგ მაინც მესაფლავედ რჩება“.

უმრავლესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების  გამართვა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის დამოკიდებულებას.  პავლე კუბლაშვილმა  ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, გარდა ნეგატიური მხარეებისა, ერთხელ მაინც გაამახვილონ ყურადღება სახლმწიფოს მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზეც.

პავლე კუბლაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ კრიტიკულად მოხსენიებულ „ნულოვან ტოლერანტობას“. „ნულოვანი ტოლერანტობის“ უკან დგას დამარცხებული კრიმინალი. ყველა ის ადამიანი, ვინც ავიწროებს და აზარალებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იქნება ციხეში, ვინც დანაშაულს ჩადის, ის უნდა იყოს ციხეში“ ,– განაცხადა პავლე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა არ შეიცვლება.

პავლე კუბლაშვილმა თავის გამოსვლაში საგარეო საფრთხეებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი რეალურ დასაყრდენს საქართველოში ვერ ნახავს.

„ოთხმოცდაცხრა წლის წინ, სწორედ თებერვლის დღეებში ჩვენს ქვეყანაში იყო პირდაპირი აგრესია და რუსეთმა მაშინდელ საქართველოს პარლამენტში ვერანაირი  დასაყრდენი ვერ მოიპოვა. მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალები, რომელიც ნატრულობენ რუსეთის აგრესიას, ვერანაირ თანადგომას ვერ მოიპოვებენ“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი თორთლაძემ თავისი გამოსვლა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა: „ესაა კოლაბორაციონიზმის არნახული მასშტაბი, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. კონკრეტული პარტიები და კონკრეტული ლიდერები ქვეყნის სამარცხვინოდ დებენ ხელშეკრულებებს იმ ძალებთან, რომელთა ლიდერებმა გასცეს განკარგულება დაებომბათ თბილისი, დაებომბათ საქართველო. ესაა წარმოუდგენელი ცინიზმით, თავხედობით და მოღალატეობით სავსე ქმედებები, რომლებიც მუდმივად უნდა იყოს ქართველი ხალხის, ყველა დეპუტატის,  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ნებისმიერი ქართველის  გაკიცხვის და პროტესტის გამოთქმის საგანი“, – განაცხადა გიორგი თორთლაძემ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გიორგი თორთლაძემ, როგორც ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა, საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, უახლოეს დღეებში მოიწვიოს უშიშროების საბჭო, პარლამენტში კი გაიმართოს ნდობის ჯგუფის შეკრება. როგორც მან განაცხადა, იგი  დარწმუნებულია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა – რუსეთი და მისი სატელიტი პარტიები და ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ქვეყანაში ამზადებს სერიოზულ დესტაბილიზაციას, არეულობასა და პროვოკაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარზე.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას, თორთლაძემ განაცხადა, რომ მართალია ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მან დეპუტატებს შეახსენა ის ფაქტიც, რომ ნატო–ს შემადგენლობაში არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიის მაგალითად ითვლებიან, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში ბლოკავენ. უფრო მეტიც, ახლახან, აგრესორ ქვეყანას, რომელიც თავს დაესხა საქართველოს, თავდასხმითი იარაღი მიჰყიდა – აღნიშნა გიორგი  თორთლაძემ და განაცხადა რომ საქართველოს დემოკრატიული პარტია კონკრეტული ქვეყნის საელჩოსთან მიტინგებს აუცილებლად მოაწყობს. მან ხელისუფლებას მოუწოდა რომ ყველაფერი გააკეთოს გარკვეული რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ სასწრაფოდ გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ხელს უშლის ნატო–ში გაწევრიანებას.

გიორგი თორთლაძემ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, მთავრობას დაავალოს სერიოზული საინვესტიციო პროექტების მომზადება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტის წევრებისთვის და რომლებითაც მეგობარ ქვეყნებში ვიზიტისას პოტენციურ ინვესტორებს დააინტერესებენ.

თავის გამოსვლაში იგი შეეხო სასამართლო რეფორმებს და აღნიშნა, რომ ტენდენციები კარგია, მაგრამ თუ გადაწყდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი, ეს მათ დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს მისცემს. მისი თქმით, განსაკუთრებული მიდგომა უნდა შემუშავდეს პენსიებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველაზე მეტად გაჭირვებულ ფენას პენსიონერები წარმოადგენენ. გიორგი თორთლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთიდან დევნილები საჭიროებენ, რადგანაც ისინი 18 წელია გაუსაძლის ყოფაში იმყოფებიან.

გიორგი თორთლაძემ თავის გამოსვლაში ნარკომანიის თემაც გამოყო და განაცხადა, რომ პარლამენტმა ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ნარკომანები მძიმე ავადმყოფთა კატეგორიაში გადაიყვანოს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე კი, პირიქით, სასჯელი გაამკაცროს.

ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა დღევანდელი ინიციატივისათვის, კერძოდ, რეგიონული ტელევიზიებისათვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გამო, თუმცა აქვე განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატებს“ ეკუთვნის.

გიორგი ახვლედიანის გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო, მისი განცხადებით, „ქრისტიან–დემოკრა

მიმაგრებული დოკუმენტები