საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდგომ პარლამენტში დებატები გაიმართა

12 თებერვალი 2011
საქართველოს პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდგომ პარლამენტში დებატები გაიმართა

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ  პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდგომ პარლამენტში დებატები გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო, არა მარტო ფრაქციების თავმჯდომარეებმა, როგორც ეს პარლამენტის რეგლამენტითაა  გათვალისწინებული,  არამედ  უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციისა   და  პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შედეგად   მიღწეული შეთანხმების თანახმად, სიტყვით გამოსვლის მსურველმა ყველა დეპუტატმა.

ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ,  გიორგი ახვლედიანი მმართველი გუნდის საქმიანობა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, პრეზიდენტი შვიდი წელია დაპირებებს არ ასრულებს და არც დასმულ კითხვებზე იძლევა ადეკვატურ პასუხებს. დეპუტატი ვეტერანების აქციის დაშლის ფაქტს შეეხო და განაცხადა, რომ  საქართველოში მთავრობის მიერ ყველაზე დაუფასებელი ხალხი სწორედ ვეტერანები არიან და  მათი იგნორირება ხდება.   გიორგი ახვლედიანის განცხადებით, არ სრულდება დევნილებისთვის მიცემული პირობები და არ ხდება მათთვის დაპირებული ფულადი კომპენსაციების გაცემა.  ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ   განაცხადა, რომ მთავრობის დიდ წარმატებად მიიჩნევს დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრას, თუმცა მისივე თქმით სარეზერვო ფონდებიდან საკმაოდ დიდი თანხები მიზანშეუწონლად იხარჯება.

 

ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის,  გია  თორთლაძის აზრით აუცილებელია დევნილების პრობლემების უფრო სწრაფად მოგვარება და ამისთვის საჭირო სოლიდური თანხების გამოყოფა. მან ხელისუფლებას სამინისტროების ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა. დეპუტატი თავის გამოსვლაში შეეხო სოფლის მეურნეობის, პენსიების გაზრდისა და ზოგადად სოციალურ საკითხებს, ისაუბრა სასამართლო რეფორმის დაჩქარებაზე და ერთიანი, დიდი დეოკუპაციის მოძრაობის დაწყების აუცილებლობაზე.

 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით,  როდესაც ფული სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ბათუმის, სიღნაღის და მესტიის განვითარებას და თუნდაც იქ ღონისძებების ჩატარებას ხმარდება, ეს გათვლილია ქვეყნაში ტურიზმის  განვითარებისთვის და კეთდება იმისთვის, რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები  და ხალხს შემოსავალი გაუჩნდეს.

პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას დევნილების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების გაკრიტიკების ნაცვლად ურჩია  ისაუბრონ იმის შესახებ, რომ  მოხდა დევნილების საცხოვრებლების გაზიფიკაცია,  მათ დაუკანონდათ საკუთრება, სურვილის შემთხვევაში  გადაეცამათ მიწები და თავს საკუთარი შრომით ირჩენენ.   

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, საქართველო იმ ჭაობაში, რასაც კრიმინალური და ქურდული სამყარო ჰქვია არასდროს დაბრუნდება. "ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს პოლიციის ფორმა როგორ ჩავაცვით. ,უბედურება ის კი არ არის ბავშვებს ფორმა რომ აცვიათ და პოლიცილობაზე ოცნებობენ, უბედურება ის იქნებოდა, რომ ჩვენი შვილები ისევ ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტით გაზრდილიყვნენ",–აღნიშნა დეპუტატმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა პაატა დავითაიამ  ვეტერანებისა და დევნილების პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, დევნილების განსახლება სახელმწიფო სტრატეგიაზე დაყრდნობით არ ხდება, რის გამოც პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს. პაატა დავითაიამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ის შეცდომაში შეჰყავთ, რადგან 25 ათასი ოჯახის ნაცვლად, მხოლოდ 7260 ოჯახს გადაეცა ბინები საკუთრებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, საქართველომ გასულ წელს საერთაშორისო არენაზე წარმატებას  მიაღწია და  დამკვიდრდა ტერმინი "ოკუპაცია’’. ამავე დროს მან  საქართველოს  ხელისუფლებას  ისეთი ქმედებებისკენ მოუწოდა, რომელიც აფხაზებსა და ოსებს გულს მოუბრუნებს. "თუ გვინდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, ჩვენს ხალხს უნა მოვუაროთ", – დასძინა პაატა დავითაიამ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია  "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გაზი ჰქონდეს უფრო იაფად, ვიდრე  დღეს აქვს. მისივე თქმით,  საქართველო აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებას არ იყენებს და იმავდროულად, გაზპრომს არ ახდევინებს ტრანზიტის საფასურს. პრეზიდენტმა ლევან ვეფზვაძის ამ განცხადებას "ფუნდამენტური ტყუილი" უწოდა  და დეპუტატს იმ ქვეყნის დასახელება სთხოვა, სადაც გაზი უფრო იაფია, ვიდრე  საქართველოში.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე  ქვეყნისთვის მთავარია:  ეკონომიკის მოდერნიზაცია, სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიები დანერგვა და ტურიზმის განვითარება. მისივე თქმით, ინფლაციასთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის დასაქმება.  მიხეილ მაჭავარიანმა ოპოზიციას "მოდერნიზაციის დროზე" გადმოწყობა ურჩია.

 

პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილემ, გიორგი წერეთელმა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის ყველა იმ სირთულის შესახებ, რომელიც ამ სფეროშია. გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში  საქართველოში 32 ახალი კლინიკა  აშენდა და 114 კლინიკა კიდევ შენდება. მისივე თქმით, ქვეყანაში სწრაფად ვითარდება სადაზღვევეო სისტემა  და მოსალოდნელია სადაზღვევო ბაზრის კიდევ უფრო გაზრდა. რაც შეეხება წამლების ფასებს, გიორგი წერეთლის განცხადებით, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ამ სფეროში შესაბამისი კანონები მიიღო, ფასები წამლებზე 20% –30%–ით შემცირდა.

 

ფრაქციის გარეშე დარჩენილი პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდო ბაღათურიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა სასამართლო სისტემაზე, დევნილების პრობლემებზე, ვეტერანთა საკითხზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, სოფლის მეურნეობაზე, პენსიებსა და სოციალურ თემებზე. დეპუტატის თქმით, მართლმსაჯულება შემოსავლის წყაროდ გადაიქცა და ბიუჯეტის დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებებით ივსება.  შესაბამისად კატასტროფულად  გაიზარდა პატიმართა  რიცხვი. 

 მისი აზრით ქვეყანაში  დევნილების ხელახალი დევნა ხორციელდება. დეპუტატს  გაუმართლებლად მიაჩნია,  მემორიალთან გამართული ვეტერანთა აქციის დაშლის   ფაქტი. ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდებიან. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაჩანაგდა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი – სოფლის მეურნეობა და ახალი ბაზრების მოპოვების ნაცვლად ქართული ბაზრის 80% დაიპყრო უცხოეთიდან შემოდინებულმა უხარისხო  და ხშირ შემთხვევაში გენმოდიფიცირებულმა პროდუქციამ. "ქართული დასის" ლიდერი განცხადებით: " პენსია საარსებო მინიმუმის მესამედსაც ვეღარ  წვდება.  მთავრობამ   ზურგი შეაქცია საკუთარ ხალხს  და უარს აცხადებს  პენსიის გაზრდაზე, უარს აცხადებს ჯანდაცვის რეფერალური პროგრამების დაფინასებაზე და საერთოდ უარს აცხადებს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე". დეპუტატმა პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეჩერებულ იქნას   ყველა გაუმართლებელი  ხარჯი, დაუყოვნებლივ გაიზარდოს პენსია 100 დოლარამდე, მთელი რესურსები გადასროლილი იყოს სამუშაო ადგილების შექმნაზე, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

 

უფრაქციო დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის აზრით  პრეზიდენტმა არ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე. მისი თქმით, ქვეყანაში  პატიმართა რიცხვი ძალზე დიდია,  პოლიტიკური თავშესაფრის  მაძიებელთა რიცხვით კი საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა; საკუთრების უფლების დაცვით საქართველო 116 ადგილზეა, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი – 104-ზე. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით,  სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი   გაჩანაგებულია, რაც მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მისივე თქმით, მთავრობის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, დიდია საგარეო ვალი, საარსებო მინიმუმმა 150 ლარს მიაღწია, ინფლაცია კი 12%-ს გადასცდა.

დეპუტატმა პრეზიდენტი და მისი გუნდი ინფლაციის  წინააღმდეგ ბრძოლის უუნარობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ხელისუფელბას ამის პოლიტიკური ნებაც არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნებოდა არა ბიუროკრატიულ ხარჯებზე, არამედ დევნილებისა და ვეტერანებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე.

 გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პრეზიდნეტს არ გააჩნია აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის რესურსი და მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზების უნარი.  მისი  პოლიტიკის შედეგად კი საქართველო, როგორც არასდროს, ისე შორს არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისგან.

 დეპუტატმა პოლიტიკური პარტია  "თავისუფალი დემოკრატების” სახელით   პრეზიდენტს მოუწოდა: ხელი შეუწყოს საარჩევნო გარემოს თვისობრივ ცვლილებას; გადადგას ნაბიჯები პოლიციის დეპოლიტიზაციის მიმართულებით; უზრუნველყოს სასამართლოსა და მედიის თავისუფლება; დაიცვას ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან  რეკეტისგან.

 

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, მაგდალინა ანიკაშვილამ ონკოლოგიური დაავადებების პირველი და მეორე სტადიის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მოითხოვა. მისი განცხადებით, კვლევების თანახმად ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე ხშირად 40 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ, ამ დროს კი სახელმწიფო ონკოლოგიურ დაავადებებს მხოლოდ საპენსიო ასაკში და ისიც ნაწილობრივ აფინანსებს. მაგდალინა  ანიკაშვილმა მოითხოვა ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და რეფერალური პროგრამების ძველი სისტემით აღდგენა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა სადაზღვევო სისიტემაზე. მისი აზრით, სადაზღვევო კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე  ისაუბრეს, მას ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის გაზრდაში ეჭვი შეეპარა. მისი თქმით, დღეს საქართველოში 20-მდე თოქშოუ არსებობს, რომელსაც ოპოზიცია უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე ხელისუფლება და წინასაარჩევნოდაც ტელეეთერი ოპოზიციას უფრო მეტად ჰქონდა დათმობილი, ვიდრე ხელისუფლებას. აკაკი  მინაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, სანამ სასამართლო სისტემას გააკრიტიკებდნენ, გაეცნონ იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა 70%-მდე გაიზარდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია წარმოდგენილია ბევრ მნიშვნელოვან კომისიაში, მათ შორის იუსტიციის საბჭოში, უშიშროების საბჭოში და ამის შემდეგ უკვე შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატრია შეზღუდულია.

 აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანს გასულ წელს  წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონდა, რის შედეგადაც დამკვიდრდა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".

 

ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, გურამ ჩახვაძის განცხადებით, "ედპ"–ი  პარტია ხელისუფლების საქმიანობაში ხედავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. მისი თქმით: "უმუშევრობისა და სიღარიბის ისედაც  მძიმე ფონზე სურსათზე, კომუნალურ გადასახადებზე და ნედლეულზე  ფასების მატება სოციალური არასტაბილურობის რეალურ ნიაგადს ქმნის, საიდანაც პოლიტიკურ არეულობამდე ერთი ხელის გაწვდომაა" .  

დეპუტატი თავის გამოსვლაში  დევნილების გამოსახლებაზე და  მაღალი თანამდებობების პირების კორუფციულ დანაშაულში მხილების ფაქტებზე ისაუბრა. მისი აზრით, ქვეყანაში არ არსებობს ამ დანაშაულის პრევენციის  მექანიზმები. დეპუტატის აზრით, ქვეყანაში მწვავედ დგას   სოციალური უთანასწორობის პრობლემა:   "ბატონო პრეზიდენტო, თუ ჩვენ შევძელით და მივიღეთ პროგრესული კონსტიტუცია, თუ შესაძლებელია მოახდინოთ  პოლიციის რეფორმირება და დააგოთ გზები, თუ შესაძლებელია აწარმოოთ პრინციპული საგარეო პოლიტიკა, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე პოლიტიკური ნების გამოვლინება სოციალური უთანასწორობის და ელიტარული კორუფციის დასამარცხებლად".

გურან ჩახვაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია  სოციალური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე დაფიქრება, რაც გულისხმობს: "უმუშევრობის დაზღვევას, დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, ჯანდაცვისა და საპენსიო სადაზღვევო სისტემების ჩამოყალიბებას." მან ყურადღება გაამახვილა ასევე  აგრარული რეფორმის აუცილებლობაზე:  "ქართულ სოფელს, როგორც არასდროს ისე  სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა,  როგორც ამას აკეთებს ცივილიზებული ქვეყნები, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიები,    საბიუჯეტო სუბსიდირება, თუ სადაზღვევო და კოოპერაციული სისტემები."

დეპუტატ გურამ ჩახვაძეს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული კორუმპირებული ჩინოვნიკების დასახელება მოსთხოვა. მისი თქმით, როდესაც ის იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში, ის კონკრეტულად ასახელებდა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. გურამ ჩახვაძეს კორუმპირებული მინისტრები არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ მას ხელთ რაიმე დოკუმენტი რომ ჰქონდეს, ამას აუცილებლად იტყოდა. მისი თქმით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებში იგულისხმა ის ჩინოვნიკები, რომელთა დაკავების არაერთი ფაქტი გახმაურდა.პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე, ის ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ ბრალდებას ვერ მიიღებს.  

 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა. მან ოპოზიციას მოუწოდა, უკეთ გაეცნოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ზურაბ მელიქიშვილმა   ისაუბრა ქვეყანაში განხორცილებულ  ეკონომიკურ რეფორმებზე და ამ მიმართულებით განხორცილებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე:  " მიღებული იქნა ისეთი ახალი საგადასახადო  კოდექსი, რომელიც ორიენტირებულია  პარტნიორულ ურთიერთობებზე   და არა ჩასაფრების პოლიტიკაზე,  შეღავათების მიცემაზე, წინასწარ გაფრთხილების მექანიზმების ამოქმედებაზე". მან ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პრობლემებზე საუბრისას, გაიხსენონ, თუ როგორი   მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო ქვეანაში 2003 წელს, "ვარდების რევოლუციამდე".

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა,   გიორგი  თარგამაძემ თავის გამოსვლაში  პრეზიდენტს მიმართა, რომ მან უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სისტემისა და გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ  ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად შემცირებულიყო საგადასახადო წნეხი, განხორციელებულიყო სასამართლო სისტემის რეფორმირება და შეზღუდულიყო მონოპოლიები, წამოწყებული იქნა  "უტოპიური პროექტები":  "ანტიკრიზისული პროგრამა”; "ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა;”  "დასაქმების პროგრამა” და სხვა. გიორგი  თარგამაძის განცხადებით, ნაცვლად  ენერგომატარებლებზე ტარიფების გაიაფებისა, რაც მყისიერ ეფექტს –კომუნალური გადასახადების გაიაფებას გამოიწვევდა, მოხდა   კომუნალური გადასახადების ერთ ქვითარში გაერთიანება, რაც დაუშვებელია.

 უმცირესობის ლიდერის აზრით, ხდება ბიუჯეტის არაადეკვატური ფლანგვა. მან ისაუბრა ასევე ინფლაციაზე, პესიების გაზრდის საკითხზე, საარსებო მინიმუმზე. გიორგი თარგამაძის აზრით, სასამართლო სისტემაში  რეალური რეფორმებია გასატარებელი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი  გაბაშვილის  თქმით, ოპოზიციის ნახევარი არის არაკომპეტენტური, ხოლო მეორე – შეურაცხადი, რომელსაც არანაირი შანსი და ვარიანტი არ აქვს, რომ ქვეყანაში გაიმარჯვოს.გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ასეთი ოპოზიციის პარალელურად ხელისუფლების გზა მუდმივად იქნება განვითარება, ავტობანების შენება, განათლება, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და ა.შ.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.  მისი თქმით,  უკეთესი იქნება თუ ოპოზიცია მოვლენებს კონტექსტში დაინახავს და არა იზოლირებულად.

 

საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ის გამოწვევები, პრობლემები და საკითხები რაზეც ხალხი ფიქრობს და რაც ხალხს სტკივა. მისივე თქმით, როდესაც იცი პრობლემა და იცი მისი მოგვარების გზები, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 

დეპუტატების გამოსვლების დასრულების შემდგომ  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა და  დებატების დროს პარლამენტარების მიერ დასმულ  შეკითხვებს უპასუხა.

მიმაგრებული დოკუმენტები