ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფში „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოწვეულმა დაინტერესებულმა მხარეებმა: ააიპ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, სს „გრინვეი საქართველოს“, ააიპ „ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ და შპს „ჯეოველ რისერჩ“-ის წარმომადგენლებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებულ კითხვებზე პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მომზადებული კანონმდებლობის და შესაბამისი რეგლამენტების უკეთ შესრულების მიზნით, გარკვეული რეკომენდაციები გამოთქვეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის აღსრულების პროცესში მთელი რიგი ხარვეზები და გამოწვევები არსებობს, რაც საპატრულო პოლიციასთან ერთობლივ მუშაობას საჭიროებს.
მომხსენებლებმა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი მექანიზმების შემოღების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ინსპექტირების პროცესზე მოქალაქეების კეთილსინდისიერი მიდგომის არსებობა.
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართულებებზე და მათ სპეციფიკაზე ინფორმაცია მიაწოდეს და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დაძლევის ხედვები წარმოადგინეს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი ზეპირი მოსმენის შედეგები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა.
„დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილ ინფორმაციას ჯგუფის წევრები დავამუშავებთ. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასევე გვექნება მსგავსი ფორმატის შეხვედრა და სახელმწიფოს ყველა უწყება, ვინც ჩართულია კანონის აღსრულების პროცესში მათგანაც მოვისმენთ შესაბამის ინფორმაციებს. ვნახავთ რა საჭიროებები გამოიკვეთება და შემდეგ თქვენთან გავმართავთ დამატებით შეხვედრას, შესაძლოა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მიზანია ყველა მხრიდან მოვისმინით ინფორმაცია და ის დასკვნა, რომელსაც თემატური მოკვლევის ჯგუფი გააკეთებს, ეფუძნებოდეს ყველა სუბიექტის მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.