სლოვაკეთში რეგიონული კონფერენცია “ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა” გაიმართა

26 თებერვალი 2016
სლოვაკეთში რეგიონული კონფერენცია “ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა” გაიმართა

24-26 თებერვალს სლოვაკეთში გაიმართა რეგიონული კონფერენცია თემაზე “ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (რომელიც არის ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი) და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი).

რეგიონული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს მიესალმნენ სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერი მიროსლავ ჩიჟი, სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე თრეი ლაიონსი და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი.

კონფერენციის ორგანიზატორებმა, საპარლამენტო ღიაობის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოდან სპეციალურად მოიწვიეს საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმომქმედი საბჭოს თავმჯდომარე გუგული მაღრაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით მონაწილეებს დაურიგდათ საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის ინტეფრაქციულმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, რის გამოც OGP-ის 2015 წლის მეხიკოს გლობალურ სამიტზე საქართველომ მიიღო ღია მმართველობაში ჩემპიონის ჯილდო.

თავის გამოსვლაში გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ნების მნიშვნელობას აქტიურად განახორციელოს ღიაობის და გამჭირვალობის პრინციპები თავის საქმიანობაში, რამდენადაც სრულად აცნობიერებს რომ ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს იმ ძირითადი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება და ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენება. ამ მიმართულებების შესაბამისად, სამოქმედო გეგმით აღებულია 18 ვალდებულების განხორციელება 2015-2016 წლებში, რაც ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს როგორც პარლამენტის წევრების, ისე სამოქალაქო სექტორის და პარლამენტის აპარატისაგან, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ვალდებულებების დროულად და წარმატებით იმპლემენტაციაში.

გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საპარლამენტო ღიაობის მუდმოვმომქმედი საბჭოს შექმნა უმნიშვნელოვანესია საპარლამენტო ღიაობის სამომავლო მდგრადი განვითარებისათვის.

გიორგი კლდიაშვილმა პრეზენტაციაში ისაუბრა სამოქალაქო სექტორის და პარლამენტის თანამშრომლობაზე საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალეობის დანერგვაში და OGP-ში საქართველოს პარლამენტის ჩართულობაზე. მან ისაუბრა პროექტზე, რომელსაც IDFI ახორციელებს ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართულობისთვის და კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით აქვს სამოქალაქო სექტორს. მან დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, ის პროცესი, თუ როგორ იქნა შემუშვებული სამოქმედო გეგმა და როგორ მიმდინარეობს აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება. ასევე, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო ღიაობის განვითარებისთვის აუცილებელ სამომავლო ნაბიჯებზე.

თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრეს საპარლამენტო ღიაობის მიმდინარე პროცესებზე, სხვადსხვა საკანონმდებლო რეგულაციებსა და პრაქტიკულ საკითხებზე, რომელიც ეხება მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და სხვა.

კონფერენციის შედეგად შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომელშიც აისახა საქართველოს წარმომადგენელთა იდეებიც, კერძოდ ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო სამოქმედო გეგმის ოფიციალური სტატუსის მინიჭების საკითხი, საპარალმენტო სამოქმედო გეგმის დამოუკიდებელი შემოწმების მექანიზმის განხორციელება და ა.შ. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საპარლამენტო ღიაობის განსავითარებლად და არსებული პრაქტიკის გაზიარებისთვის აქტიურ კომუნიკაციაზე.

გალერეა

  • სლოვაკეთში რეგიონული კონფერენცია “ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა” გაიმართა, 2016 წლის 26 თებერვალი
  • სლოვაკეთში რეგიონული კონფერენცია “ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა” გაიმართა, 2016 წლის 26 თებერვალი