სოფო კილაძე: წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოემსახურება

30 აგვისტო 2019
სოფო კილაძე: წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოემსახურება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ოპონენტებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

რუსეთი ცალსახად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ჩვენ - მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ ყველანი ერთსულოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული. ასევე, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ამ წუთში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული, ასევე იმისათვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ეს აგრესიული ოკუპაციის პოლიტიკა. ამიტომ, ამ პროცესში მთელი საზოგადოების ერთად დგომა არის ნამდვილად გადამწყვეტი და მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი სამშობლო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მოაგვარებს ამ საშინელი აგრესიული ოკუპაციის პრობლემას და ჩვენი ქვეყანა იქნება მთლიანი და ერთიანი“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

შემდეგ კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მომზადებული სამი კანონპროექტი წარადგინა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპები გააცნო.

კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიღების აუცილებლობა გამოწვეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, განსახილველად წარმოდგენილი კანონოპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს თავიდან იქნება აცილებული იმ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნის საფრთხე, რომელსაც გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს ემატება 38-ე ნაწილი და კონკრეტდება, თუ რას გულისხმობს პირველადი გამოკვლევა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, იგი გულისხმობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველ რიგში ბრალდების მხარის მიერ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობას, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ვიდრე ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მტკიცებულების მისთვის გადაცემის წესს სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის, ა) როდესაც ბრალდების მხარეს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მასალის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენება სურს; ბ) როდესაც დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ საგანზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, აგრეთვე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე ექსპერტიზის ჩატარება სურს და სხვა.

ასევე პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებლის განცხადებით, მისი მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი და აუცილებელი გახდა ცვლილება განხორციელდეს ამავე კანონში და 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი.

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის ათვლის მომენტი, დადგენილების გამოტანის ნაცვლად, დაუკავშირდება მხარისათვის ამ დადგენილების ჩაბარებას.

ანრი ოხანაშვილმა ასევე პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტების პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, მამუკა მდინარაძის, სოფიო კილაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, ამ კანონპროექტებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება. 

ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა, კერძოდ, გამოწვეულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების - „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულების საჭიროებიდან გამომდინარე. კანონში შესატანი ცვლილებით ადმინისტრაციული დავის მონაწილე მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, გასაჩივრების მომეტებული ინტერესის ან განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებული არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობისას მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.
სოფო კილაძის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტები უფრო მაღალი სტანდარტის არის, ვიდრე ამას საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვდა და სამივე მოემსახურება ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. კომიტეტმა სამივე კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გააცნო კომიტეტის წევრებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექნება უფლება გაატაროს მთელი რიგი დისციპლინური ზომები. კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე კენჭი უყარა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებას, რომლებსაც მხარი არ დაუჭირა.

ამის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, ერთობლივ სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებისა და უზრუნველყოფის სისტემის შესახებ კონცეფცია განიხილა.
 
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნული კონცეფცია იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა, რომლის განცხადებით, კონცეფციის მთავარ მიზანს სამართლიანი სასამართლოს ეფექტიანობის რეალიზაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

სოფო კილაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა წარმოდგენილი იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებისა და უზრუნველყოფის სისტემის შესახებ კონცეფციის სახით. 

ვინაიდან ჩვენთან - ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ჩემთან, როგორც მაჟორიტართან უამრავი, სოციალურად შეჭირვებული ადამიანი მოდის და ითხოვს სწორედ იურიდიულ დახმარებას, მე ვიცი თქვენი სამსახური როგორ დიდ შრომას სწევს და როგორი მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენამდე მოდის. წარმოდგენილი კონცეფცია ნამდვილად მოემსახურება თვითონ ადვოკატების ხარისხის და მათი შეფასების გაზრდას და ეს თავისთავად აამაღლებს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის ხარისხს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული ანგარიშვალდებული ორგანო, მისი ხელმძღვანელი საჭიროდ მიიჩნევენ, კონცეფციის დანერგვამდე იგი წარუდგინონ პარლამენტს, რომლის წინაშეცაა ანგარიშვალდებული. თავის მხრივ კი, ორი კომიტეტის სახელით მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისათვის, რათა იურიდიული სამსახურის საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი, ნაყოფიერი და გამართული იყოს.

გალერეა

  • სოფო კილაძე: წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოემსახურება, 2019 წლის 30 აგვისტო
  • სოფო კილაძე: წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოემსახურება, 2019 წლის 30 აგვისტო
  • სოფო კილაძე: წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოემსახურება, 2019 წლის 30 აგვისტო