საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პროექტის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის რაიმე სახით თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ პრაქტიკაში ასეთი ფაქტები მრავლად არის გამოვლენილი და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
საკითხის არსობრივი განხილვისას, გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დახვეწის თაობაზე, რაც მეორე მოსმენისთვის იქნება გათვალისწინებული.
წარმოდგენილ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ორივე კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.