დაგეგმე შენი ტური პარლამენტში


საქართველოს
 პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამა

საქართველოს პარლამენტი მოხარულია, უმასპინძლოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მისიით, ფუნქციებითა და საქმიანობით დაინტერესებულ ჯგუფებს და მეგზურობა გაუწიოს მათ პარლამენტის როგორც თანამედროვე არქიტექტურულ შენობაში, ქ. ქუთაისში, ისე პარლამენტის ისტორიულ სასახლეში, ქ. თბილისში.

  • საექსკურსიო ტური ქ. ქუთაისში

ქ. ქუთაისში, 60-70 წუთიანი საექსკურსიო ტურის განმავლობაში ვიზიტორები დაათვალიერებენ ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებულ პარლამენტის შენობას, ეწვევიან პლენარულ სხდომათა დარბაზს, ბიუროს ოთახს და საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო სივრცეებს. ექსკურსიის მსვლელობისას სტუმრები გაეცნობიან ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს.

ქ. ქუთაისში, საექსკურსიო ტურები გიდის თანხლებით ტარდება სასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 12:00 სთ., 15:00 სთ. და 17:00 სთ. პლენარული სხდომების განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე და/ან ელ-ფოსტის მისამართზე. 

  • საექსკურსიო ტური ქ. თბილისში

ქ. თბილისში, 60-70 წუთიანი საექსკურსიო ტურის განმავლობაში ვიზიტორები დაათვალიერებენ პარლამენტის ისტორიულ შენობას, პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზებს, ასევე, პლენარულ სხდომათა და კინო დარბაზებს (ამ უკანასკნელს, მოთხოვნისამებრ). გარდა ამისა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. ექსკურსიის მსვლელობისას სტუმრები გაეცნობიან ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს. 

ქ. თბილისში, საექსკურსიო ტური გიდის თანხლებით ტარდება ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 სთ., 15:00 სთ. და 17:00 სთ.

* * *
საექსკურსიო ტურის მოთხოვნა

თუ გსურთ, ეწვიოთ საქართველოს პარლამენტს და ახლოს გაეცნოთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, დაგვიკავშირდით 3 სამუშაო დღით ადრე:

ტელეფონი: (032) 2 28 16 90  /  (032) 2 28 16 93 
ელ-ფოსტა:  tours@parliament.ge / toursparliament@gmail.com  

* * *
დამატებითი ინფორმაცია

გარდა დადგენილი გრაფიკისა, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს საექსკურსიო ტურების ორგანიზებას მოთხოვნისამებრ, წერილობითი მომართვის საფუძველზე. 

სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს ვთავაზობთ, ასევე, მედიაცენტრის დათვალიერებას.

საექსკურსიო ტურის უცხო ენაზე (ინგლისური) ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ.

საექსკურსიო ტურები არ ტარდება ეროვნულ დღესასწაულებზე.