არჩილ თალაკვაძე: მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება

08 სექტემბერი 2019
არჩილ თალაკვაძე: მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება

„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, ადგილზე პრობლემების მოგვარებას ელოდება. საზოგადოების დავალებაც მთავრობის და ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს არის, რომ პრობლემები გადაიჭრას და დარჩენილი საქმე დროულად და ეფექტურად გაკეთდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერმინისტრმა გამოსვლაში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება იქნება.

მისივე განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ამოცანების შესრულებაში პარლამენტის მიერ დაგეგმილი რეფორმები დაეხმარება.

„პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ძალიან დატვირთული განრიგი აქვს. იმ მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, რის გაკეთებასაც მთავრობა შეეცდება და განახორციელებს, პარლამენტსაც აქვს ძალიან დატვირთული განრიგი. წინ გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას და მთავრობას, რომ ეს ამოცანები ეფექტურად გადაწყვიტოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.