ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა “Freedom House”-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება“

16 მაისი 2018
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა “Freedom House”-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება“

„ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „Freedom House”-ის მიერ ანგარიშში მოყვანილი მცდარი ფაქტების გასწორებას.

ირაკლი კობახიძის აზრით, შეცდომები „Freedom House”-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები “Freedom House”-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. ეს არ არის, მე ვფიქრობ, Freedom House”-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას „Freedom House”-ს: ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House”-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება, ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.