ირაკლი კობახიძე: „დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ქვაკუთხედია“

05 მარტი 2018
 ირაკლი კობახიძე: „დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ქვაკუთხედია“

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა -ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იწყება. მისი თქმით, მმართველობის სისტემის ბოლომდე გამართვას რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება სჭირდება და მათ შორის, ერთ-ერთი პირობა უკვე შესრულებულია. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია დემოკრატიული პროცესების ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

„დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიული მმართველობის და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა იყოს ბოლომდე გამართული, ამას ესაჭიროება რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება. ერთ-ერთი პირობა ჩვენ უკვე შევასრულეთ. საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს სისტემა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, ახალი რედაქციით იქმნება ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენთან დემოკრატიული პროცესები ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურის რეფორმა იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა მუდმივად დაიხვეწოს. ამ კუთხითაც გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გასული წლების განმავლობაში, მიღებულ იქნა ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, მათ შორის, მოწესრიგდა შრომის ანაზღაურების წესი, სხვა ასპექტები საჯარო სამსახურის, თუმცა, რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღოთ ევროპული ტიპის, დასავლური ტიპის რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა. და მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის რა თქმა უნდა, სწორი ტერიტორიული მართვის სისტემის ფორმირება და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რომელიც არის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის ეფექტიანობასთან, დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამყარდეს დემოკრატიული სისტემა, ჩამოყალიბდეს სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ორმაგია დეცენტრალიზაციის როლი სახელმწიფო მართვის სისტემის განვითარებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობაა, რაც, მისივე განმარტებით, ევროპული ტიპის დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების გარეშე, შეუძლებელია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს სისტემაში მთელი რიგი ხარვეზები არსებობს და რეფორმის მიზანი სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებაა.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა, თუ არ ჩამოვაყალიბებთ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი. დღეს გვაქვს ჩვენ მთელი რიგი ხარვეზები სისტემაში, რაზეც ჩვენ ღიად ვსაუბრობთ და მთავარი მიზანი ამ რეფორმის არის სწორედ ის, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას და გაჯანსაღდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და ეს ყველაფერი, საჭიროებს, რა თქმა უნდა, კომპლექსური სტრატეგიის არსებობას. მიზანი ზუსტად არის ის, რომ ჩამოყალიბდეს კომპლექსური სტრატეგია, საშუალოვადიანი ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება მთავრობის როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ლოკომოტივის როლს არ შეასრულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება გართულდება.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთავრობის როლი, გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, მთავრობის როლი, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ძალიან გართულდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით გატარება. და ეს პროცესი არის დაწყებული, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, იმისთვის, რომ მთელი ენთუზიაზმით არის უზრუნველყოფილი ამ პროცესის წარმართვა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ ალავიძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელსაც დაწყებული აქვს მუშაობა იმისთვის, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ მიზანს აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლი. პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელსა და ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რეფორმის პროცესში შედგება აქტიური თანამშრომლობა საპარლამენტო და არა საპარლამენტო ოპოზიციასთან, რადგან, მისივე თქმით, დასახული მიზანი - მმართველობის სისტემის გაძლიერება და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ყველასთვის საერთოა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობრების, პარტნიორების როლი ამ პროცესში, კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. როგორც უკვე აღვნიშნე, წლების განმავლობაში როგორც გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, შვეიცარიის განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო, მუშაობდნენ აქტიურად იმაზე, რომ საქართველოში გაძლიერებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა სხვა დონორების როლს ამ პროცესში - ასევე, წლების მანძილზე, SIDA, შვედეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, ასევე, ჩვენი პოლონელი მეგობრები, ძალიან აქტიურად უჭერდნენ საქართველოში თვითმმართველობის რეფორმას, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას მხარს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, მსოფლიო ბანკის როლი ამ პროცესში, დანიელების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც ერთვებიან ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საქმეში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორების მხარდაჭერა იმაში, რომ ჩვენი მიზნები წარმატებით განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი. თითოეული რეფორმა, რომელიც გატარდება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით, უნდა განხორციელდეს სწორედ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე. ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში. ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვხატო, რომ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა საპარლამენტო ოპოზიციასთან და ასევე, არა საპარლამენტო ოპოზიციასთან ამ პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული, არის ყველასთვის საერთო - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის, ზოგადად, მმართველობის სისტემის გაძლიერება და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპულ ღირებულებებთან და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ყველა ერთად ვიქნებით ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი ხედვით იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობის განვითარებაში, რაც საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერის განცხადებით, ახალი სტრატეგიული კონცეფცია არის მეორე ეტაპი რეფორმისა, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღებით დაიწყო და რომლითაც ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილების ფუნდამენტი შეიქმნა. მისივე თქმით, რეფორმის მიზანი არის ის, რომ რეგიონებში იყოს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსი.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალო ვადიან ხედვას, რომლის მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ესაა თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოვება, მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსის გადანაწილება. თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს და სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების და მართვის პროცესში და ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცემს სრულიად სხვა, თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებას აღნიშნული მიმართულებით და მადლობა გადაუხადა მათ. „თქვენს გარეშე ძალიან რთული იქნებოდა 2014 წელს კოდექსის მიღება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეფორმის მეორე, მნიშვნელოვან ეტაპზე გვექნება მხარდაჭერა“. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა პროცესში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ჩართულობა.

„რეფორმის სულისკვეთებას მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ ყველა, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ეს რეფორმა არის ყველას ერთად გასაკეთებელი და მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან, სამოქალაქო სექტორთან. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება წარმატებაზე ლაპარაკი ისეთი რეფორმის, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული სისტემის ყველა ღერძს მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, რეფორმის განხორციელების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
„ძლიერი თვითმმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძირითადი ღერძი,“-განაცხადა ქ. თბილისის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი რესურსების, განვითარების შესაძლებლობების და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ჩვენ ერთად უნდა ვმართოთ და ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე და ამიტომაც, საჭიროა კიდევ მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში. ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამისილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, და ლუკას ბეგლინგერმა -შვეიცარიის ელჩმა საქართველოში.

„ძლიერ და ეფექტურ თვითმმართველობას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებისა და სერვისების დაახლოება მოქალაქეებთან, მორგება მათ მოთხოვნებზე და ადამიანთა უშუალო ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის პროცესში. ახალი ხედვის შემუშავებით საქართველო სწორედ ამ სტანდარტს უახლოვდება“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არად ბენკომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ავსტრია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას.

ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა. ელჩმა განაცხადა, რომ შვეიცარიის მთავრობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზად არის.