ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“

05 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“

„ევროინტეგრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად გამოცხადდა და უფრო მეტიც, კონკრეტული სამართლებრივი დატვირთვა შეიძინა ამ ჩანაწერმა - ის პირდაპირ ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს მიიღოს ყველა ზომა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და საქმიანობისთვის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას, კომიტეტის წევრებსა და აპარატს მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მათ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, სახეზეა ხელშესახები წინსვლა და შედეგები.

„განსაკუთრებული როლი აქვს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, თამარ ხულორდავას. ის არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რატომ არის კარგი მეტი ქალი პარლამენტში. ის არის ჩვენი ძალიან ღირებული წარმომადგენელი და აქვს ძალიან დიდი პიროვნული წვლილი შეტანილი იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით. გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, ენერგეტიკის, განათლების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობისა და არა ერთი სხვა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ეს პრიორიტეტი ყველა შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული, მათ შორის - საპარლამენტო რეზოლუციაში. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ღირებულებითი არჩევანია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს მიზანი განხორციელდეს.

„ჩვენთვის, როგორც გაცხადებულია ოფიციალურად, ფორმალურად, ევროინტეგრაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტი არის ასახული შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებში, დაწყებული სამთავრობო პროგრამით, ასევე, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ როგორც ევროპული ინტეგრაცია, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და გარდა ამ დეკლარირებული მიზნისა და ნებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კეთდება კონკრეტული ნაბიჯების დონეზე იმისათვის, რომ ეს მიზანი საბოლოო ჯამში განხორციელდეს. ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ღირებულებითი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. უპრეცედენტოდ მაღალია ეს მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არ არის ამხელა მხარდაჭერა ევროპული იდეის მიმართ ხშირად, როგორც საქართველოში, რაც დასტურდება საზოგადოებრივი აზრის კვლევებით. არის ძალიან კარგი და მაღალი შედეგები ამ კუთხით, მხარდაჭერის თვალსაზრისით და ასევე, არჩევნების შედეგებიც ადასტურებს იმას, რომ ევროპული ინტეგრაციის და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არის ძალიან სტაბილური და მაღალი და მზარდი მხარდაჭერა. ჩვენ თუ ავიღებთ ბოლო არჩევნების შედეგებს, ვნახავთ, რომ ქართველი ამომრჩევლების 90%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ თავის მხრივ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ, რომ ევროპული ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ხელისუფლების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, კონკრეტული პოლიტიკური ძალის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და შესაბამისად, ეს არის ძალიან მყარი არჩევანი, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, კონკრეტულად, ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ყველაფერი გააკეთოს ხალხის მიერ გამოხატული ამ ნების რეალიზებისათვის და ამისათვის, რეალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის კონსტიტუციის დონეზე დაფიქსირება განსაკუთრებული მიღწევაა.

„როგორც აღნიშნა თამარ ხულორდავამ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნება დაფიქსირდა უკვე კონსტიტუციის დონეზე. კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად გამოცხადდა ევროინტეგრაცია და უფრო მეტიც, კონკრეტული სამართლებრივი დატვირთვა შეიძინა ამ ჩანაწერმა. ისეთი სახით არის ფორმულირებული ჩანაწერი, რომ ის პირდაპირ ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს მიიღოს ყველა ზომა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ანუ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციული ნორმა, რომელსაც ექნებოდა ერთგვარი ზოგადი კონცეპტუალური პროგრამული დატვირთვა, ეს არის პირდაპირ მავალდებულებელი სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც უნდა იმოქმედოს ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-კონსტიტუციის დონეზე ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიზნის დაფიქსირება. ჩვენთვის, ევროპული ინტეგრაცია არის ღირებულებითი გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს, ძალიან კონკრეტულად, უკეთეს მომავალს, თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისათვის და ეს ქმნის ზუსტად ძალიან კარგ მოტივაციას და ძალიან მყარ მოტივაციას იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის კუთხით, ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. „გასული რამდენიმე წელი იყო, ნამდვილად, ღირსშესანიშნავი ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ამ გზაზე გვქონდა ძალიან ხელშესახები შედეგები. მანამდე გვქონდა ერთგვარი მცირე პაუზა კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, თუმცა მას შემდეგ, რაც გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ცალკე უნდა გავუსვათ ხაზი, მას შემდეგ, რაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ბუნებრივია, ის სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან, გახდა უშუალოდ ხელშესახები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმისათვის, რომ მზარდი იყოს ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. ასევე, ჩვენ გვაქვს შედეგები კონკრეტული მიმართულებებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების წვდომა სხვადასხვა პროგრამაზე, მათ შორის განათლების მიმართულებით, კულტურულ სფეროში, სამეცნიერო, ენერგეტიკულ, გარემოს დაცვით სფეროში. კიდევ ერთხელ, ძალიან ხელშესახებია ის სარგებელი, რომელსაც გრძნობს უკვე ჩვენი მოქალაქეთა დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად, მთელი რიგი ღონისძიებებია განსახორციელებელი შემდეგ წლებშიც და ამისთვის, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტული ამოცანები აქვს.

„საჭიროა საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და ასევე, პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა ზედამხედველობის განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ამ კუთხით და მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ ეს საქმე არის ძალიან საიმედო ხელში. ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ, კომიტეტს, კომიტეტის აპარატს და კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც შესანიშნავად უძღვებიან ამ საქმეს. ჩვენ მივიღებთ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება ვალდებულებები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ამ პროცესს ექნება სრული მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ყურადღება, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე გაამახვილა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ კომიტეტის წარმატება მთლიანად ქვეყნის წარმატება იქნება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლების განმავლობაში კომიტეტს. არის ძალიან ამბიციური გეგმები. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კომიტეტის საქმიანობა ძალიან წარმატებულია. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება, ასევე, მომდევნო წლები. მინდა პირდაპირ აღვნიშნო ის, რომ კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება, იმდენად მნიშვნელოვან საქმეს და სფეროს ეხება კომიტეტის საქმიანობა. აქედან გამომდინარე, მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებებს ქალბატონ თამარს, კომიტეტის თითოეულ წევრს და აპარატს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“, 2018 წლის 5 მარტი
  • ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“, 2018 წლის 5 მარტი
  • ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“, 2018 წლის 5 მარტი
  • ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“, 2018 წლის 5 მარტი
  • ირაკლი კობახიძე: „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება“, 2018 წლის 5 მარტი