ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

04 ივლისი 2017
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას გულისხმობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვოიცეხ სავიცკის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას და ეს საკითხი დეტალებში განვიხილეთ. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მონიტორიგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასასვლელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე. ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ამას ემსახურება ის რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა, 2017 წლის 4 ივლისი