ირაკლი კობახიძე: „ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი"

13 სექტემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი"

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იმ საკითხის ასახვა, რაც არის დაკავშირებული არჩილ ტატუნაშვილის და  გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას. 

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში სწორედ ის საკითხებია ასახული, რაც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში და მკაფიო მითითებებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ. 

„არის ძალიან მკაფიო მითითებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ. საუბარია, ერთ შემთხვევაში, გამოძიებაზე, მეორე შემთხვევაში, სამართლის აღსრულებაზე. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომელიც ჩვენ ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში ავსახეთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი რეზოლუციის ეს ჩანაწერები უკვე ევროპულ დოკუმენტში აისახა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.