ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15 იანვარი 2018
ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავი მიულოცა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლატვია საქართველოს გამორჩეული და ერთგული მეგობარია და ქართველი ხალხი ლატვიელი ხალხის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო, ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

მათი შეფასებით, საქართველო და ლატვია მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად თანამშრომლობენ და საერთაშორისო ფორმატში ძალისხმევის კოორდინირება დინამიურად უნდა გაგრძელდეს.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ედგარს რინკევიჩსმა დაადასტურა, რომ ლატვია ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ლატვია საქართველოს მთავარი მხარდამჭერია ევროატლანტიკურ ასპარეზზე და ასეთი შეხვედრები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ლატვია არის საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ევროატლანტიკურ ასპარეზზე და ყოველთვის აჟღერებს იმ პოზიციებს, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რა მხარდაჭერა იქნა გამოხატული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და სხვა მიმართულებებით. ახლაც, პარლამენტის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ასახავს ძალიან მრავალმხრივ თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის ყველა დონეზე გაღრმავებას - საპარლამენტო მუშაობის დონეზე, კომიტეტების მუშაობის დონეზე, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატების დონეზე. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, შუა გზაზე ვართ, რასაც ჰქვია ჩვენი ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზა. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს და შინაარსს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, 2018 წლის 15 იანვარი