ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე, ივან ბრაიოვიჩი მიიღო. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ იღებს მონაწილეობას.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება. ირაკლი კობახიძემ და ივან ბრაიოვიჩმა ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში სტაბილურობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი კობახიძემ კოლეგას და მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საქართველოს დიდ იმედს აძლევს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას, რადგან მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიდ იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატო-ს თანამეგობრობას. მონტენეგროს სახით საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა, რაც ჩვენს მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მონტენეგრომ და საქართველომ მოახერხეს დაეძლიათ არასტაბილურობის გარდამავალი პერიოდი და მყარად დადგომოდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენი ხალხების არჩევანია და ჩვენი ქვეყნების მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების მყარი საფუძველი უნდა გახდეს.

დღევანდელი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებას მოეთხოვება თანმიმდევრული, პროგრესული და მიზანმიმართული რეფორმების გატარება, რომლების საბოლოო მიზანი დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„სტუმარს გავაცანით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი გახდება. მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტის გაძლიერება აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. პარლამენტის გაძლიერების კონტექსტში დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების საპარლამენტო ურთიერთობების გაფართოებაზე. საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების ამოცანა უნდა იყოს ერთმანეთისათვის რეფორმებისა და საგარეო პოლიტიკური მიღწევების შესახებ გამოცდილების გაზიარება. საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური და მეგობრული გახდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს. ივან ბრაიოვიჩის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ საქართველოსა და მონტენეგროს თანამშრომლობის კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი იწყება.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მონტენეგრო, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე,  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს  სრულად უჭერს მხარს. ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის შემდგომი ძალისხმევა გვჭირდება. მზად ვართ,  რჩევის, გამოცდილებისა და რეკომენდაციის გაზიარებისთვის. ვემხრობით უფრო მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობას.   კარგი პოლიტიკური ურთიერთობები უპირველესი წინაპირობაა ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად. ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობა ვითარდება.  ვისაუბრეთ სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესებაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველო-მონტენეგროს შორის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს ტურისტთა გაცვლის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-მონტენეგროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი იწყება", - განაცხადა ივან ბრაიოვიჩმა. 

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, 2017 წლის 4 დეკემბერი