ირაკლი კობახიძე: „მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა, რათა პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს კონსტიტუციური უფლებამოსილება“

06 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა, რათა პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს კონსტიტუციური უფლებამოსილება“

„მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა იმისათვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტი და იმისათვის, რომ პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გადასინჯვის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგლამენტში მთელი რიგი პროცედურებია დასახვეწი.

„არის დასახვეწი რეგლამენტში მთელი რიგი პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია როგორც კანონშემოქმედებასთან, ასევე ზედამხედველობასთან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვამზადოთ დახვეწილი რეგლამენტი. ჩვენი ამოცანა, მათ შორის, გახლავთ ის, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაც ამ მიზანს ისახავდა და თვისობრივად გაძლიერდა ოპოზიციის უფლებები კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. ანალოგიურად მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა იმისათვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტი და იმისათვის, რომ პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც მინისტრთა დაბარების შემთხვევაში, პარლამენტში გამოცხადების ვალდებულებას ეხება.

„ეს ვალდებულება დღესაც არის გაწერილი როგორც კონსტიტუციაში, ასევე რეგლამენტში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ძალაში დარჩება. საუბარია იმაზე, რომ უნდა დაიხვეწოს პროცედურები, რომელიც არის დაკავშირებული ამ ვალდებულებასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.