ირაკლი კობახიძე: „მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, არის უპრეცედენტო“

12 სექტემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, არის უპრეცედენტო“

„ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის კონგრესში წარდგენილ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა. 

„მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, არის უპრეცედენტო, არნახული მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია. მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი დოკუმენტი არის, მათ შორის კანონის ძალის დოკუმენტი მიღებული ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტიც, ამ აქტებით არის გათვალისწინებული კონკრეტული ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ პრინციპს არ აღიარებენ. ასეთი მხარდაჭერა არის, ნამდვილად, უპრეცედენტო. გარდა ამისა, ახალი ინიციატივები არის, როგორც მოგეხსენებათ, წარდგენილი ამერიკის კონგრესში, ზოგადად, ხელისუფლებაში. საუბარია, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც არის, ასევე, უპრეცედენტო ნაბიჯი ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან და საქართველოს მხარდამჭერი კანონის პროექტი არის ინიცირებული ამერიკის კონგრესში. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია არასდროს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.