ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის და მისი აპარატის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე კომპლექსურად უნდა ვიფიქროთ“

06 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის და მისი აპარატის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე კომპლექსურად უნდა ვიფიქროთ“

„გვჭირდება კომპლექსური ხედვის შექმნა იმისთვის, რომ პარლამენტი განვავითაროთ - როგორც არ უნდა დავხვეწოთ რეგლამენტი, როგორც არ უნდა დავხვეწოთ პროცედურები, როგორც არ უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო გუნდი, ეს გეგმა და მიზანი მაინც ვერ იქნება მიღწეული, თუ პარლამენტი და მისი აპარატი არ იქნება აღჭურვილი შესაბამისი ანალიტიკური შესაძლებლობებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პროექტის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნეს. 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დასწრება ადასტურებს, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

„ამ პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დასწრება, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც კვლევითი და ანალიტიკური რესურსების და შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. მთელი განვითარებული მსოფლიოს მასშტაბით, პარლამენტებისთვის და საკანონმდებლო ორგანოებისთვის ასეთი კვლევითი ცენტრები, დეპარტამენტები თუ სხვადასხვა ფორმით არსებული ერთეულები პარლამენტის უდიდეს სიძლიერეს წარმოადგენს და მისი რეპუტაცია, კვალიფიციური მუშაობა, როგორც წესი, სწორედ ასეთ ერთეულებს ეფუძნება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გაეროს გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ევროკავშირს (EU) მხარდაჭერისთვის, ხოლო მათ მიერ მოწვეულ საერთაშორისო კონსულტანტს -რობერტ კლემენტსს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყება მნიშვნელოვანი პროცესი, როლიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რესურსების განვითარებაზე დადებითად აისახება.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს პარლამენტის მიმართ მხარდაჭერისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია, უკვე, ძალიან აქტიურად ეხმარება პარლამენტს შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც, ასევე, წლებია, ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და განვითარების პროცესში ძალიან აქტიურად გვეხმარება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო რობერტ კლემენსს, რომელმაც ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია. ის არის კვლევის ავტორი, რომელიც კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ეხება. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დადებითად აისახება პარლამენტის რესურსების განვითარებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციურ სისტემაში პარლამენტის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქცია სათანადოდ განახორციელოს. მისი შეფასებით, პარლამენტის საქმიანობას, წლების განმავლობაში, ნაკლოვანებები ჰქონდა და ახლა, ამბიციური ამოცანაა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თვისებრივად გაძლიერდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურადღება, განსაკუთრებით, ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე გამახვილდება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს პარლამენტს ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში. ის არის ცენტრალური ორგანო კონსტიტუციურ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ხალხი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას უზრუნველყოფს. პარლამენტს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს - კანონშემოქმედება და ზედამხედველობის, კონტროლის განხორციელება მთავრობის საქმიანობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი ფუნქცია პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს. ჩვენ, ტრადიციულად, გვქონდა სისუსტეები ამ მიმართულებით. პარლამენტის საქმიანობას ჰქონდა ნაკლოვანებები მთელი ამ წლების განმავლობაში და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ამ მოწვევის ფარგლებში, პარლამენტი თვისებრივად გავაძლიეროთ, როგორც კანონშემოქმედების კუთხით, ისე ზედამხედველობის თვალსაზრისითაც. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ პარლამენტი იყოს აღჭურვილი შესაბამისი რესურსებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ანალიტიკურ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ პარლამენტის აპარატის ერთ კონკრეტულ რგოლს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კვლევითი დეპარტამენტის გაძლიერებას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა, განსაკუთრებით, აქცენტი კომიტეტების აპარატებზე უნდა გაკეთდეს.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რგოლზე პარლამენტში, მის აპარატში, არ არის საუბარი მხოლოდ კვლევით დეპარტამენტზე. რა თქმა უნდა, კვლევითი დეპარტამენტის გაძლიერებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში, თუმცა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ კომპლექსურად, მთლიანად, პარლამენტის და მისი აპარატის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, აქცენტი უნდა გაკეთდეს განსაკუთრებით, კომიტეტების აპარატებზე, სადაც ანალიტიკური ფუნქციები უფრო მეტად განსავითარებელია. გვჭირდება კომპლექსური ხედვის შექმნა, რომ პარლამენტი განვავითაროთ. როგორც არ უნდა დავხვეწოთ რეგლამენტი, როგორც არ უნდა დავხვეწოთ პროცედურები, როგორც არ უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო გუნდი, ეს გეგმა და მიზანი მაინც ვერ იქნება მიღწეული, თუ პარლამენტი არ იქნება აღჭურვილი შესაბამისი ანალიტიკური შესაძლებლობებით და თუ მისი აპარატი არ იქნება აღჭურვილი შესაბამისი ანალიტიკური შესაძლებლობებით. ვფიქრობთ, რომ თვისებრივი, რადიკალური ცვლილება - გაძლიერება გვჭირდება ამ თვალსაზრისით და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გეგმა, რომელსაც ყველა ერთად დავსახავთ, ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს გახდის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზენტაციაზე დამსწრეებს მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში -ნილს სკოტმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა - დოროტა დლოუხი სულიგამ.

ნილს სკოტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიური ხდება და წინსვლის გზაზე დგას. მისი თქმით, რეფორმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი იქნება.

„საქართველოს პარლამენტი სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გაერო ჩართულია პარლამენტის მხარდაჭერის საქმეში, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. არსებობს ქვეყნის პარლამენტებში სოლიდური და თითქმის უცვლელი ერთეულები, რომლებიც აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა, შეიძლება, მრავალი სხვა შეიცვალოს და საქართველოს პარლამენტიც სწორედ ასეთი არსებითი ცვლილებების გზას -რეალურად, წინსვლის გზას ადგას. ჩვენ მრავალ სფეროს უნდა გადავხედოთ, იმისთვის, რომ გაიზარდოს ეფექტურობა პოლიტიკის შემუშავების კუთხით და იმისთვის, რომ ღია და გამჭვირვალე საპარლამენტო საქმიანობა განხორციელდეს. მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ყოველივე ამ საქმიანობიდან სარგებელი. დღეისთვის პარლამენტი რეფორმის ახალ გზებს შეუდგა და ფაქტობრივად, სწორედ, რაც იქნება საწინდარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებისა, ეს გახლავთ კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის დამკვიდრება, მისი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც დამყარებული იქნება ფაქტებზე და ვიცით, რომ ეს უმნიშვნელოვანესია კანონმდებლობის შემუშავების დროს. კვლევა ქმნის ცოდნას და ფაქტობრივად, ის არამხოლოდ ახალ ცოდნას, არამედ ახალ კულტურას ქმნის პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

დოროტა დლოუხი-სულიგას შეფასებით, საქართველოს პარლამენტი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„საქართველოს პარლამენტი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ძალას და გაძლიერებას მოყვება პასუხისმგებლობის გაძლიერება და ეს უნდა მოხდეს რასაკვირველია გადაწყვეტილებების მიღების და პოლიტიკის შემუშავების კუთხით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის გააქტიურება განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვის, დეცენტრალიზაციისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. დოროტა დლოუხი-სულიგამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა საქართველოს პარლამენტს განვითარებაში აქტიური დახმარება გაუწიოს.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ვიმყოფები თქვენს შორის და წვლილი შემაქვს საქართველოს პარლამენტის განვითარებაში. პარლამენტი განიცდის კონსტიტუციურ ცვლილებებს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ის უფრო აქტიური გახდეს. როგორც უკვე ითქვა, პარლამენტი ნამდვილად გააქტიურდა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დეცენტრალიზაციის კუთხით. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ არა მარტო ამ პროექტს, არამედ სხვა მიმართულებითაც საქართველოს პარლამენტს და ჩვენ წვლილი შეგვაქვს, რომ პარლამენტის პოლიტიკის შემუშავება გახდეს გაცილებით უფრო ეფექტური, გაიზარდოს პარლამენტის ზედამხედველობის როლი. ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა კვლავ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ გვინდა მთელი ჩვენი ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მოვაქციოთ და აღვასრულოთ ყველა ის პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ასოცირების შეთანხმებაში არის გაწერილი“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა. მისი განცხადებით, პრეზენტაცია, ერთის მხრივ, კონცენტრირებულია იმაზე, თუ სად არის გაუმჯობესების სივრცე საქართველოს პარლამენტში, კვლევითი და ანალიტიკური რესურსების გაძლიერების კუთხით, და მეორეს მხრივ, წარმოდგენილია რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდეს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი ასახავს იმ გამოწვევების ძირითად მიმართულებებს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოს პარლამენტი დგას. მისივე თქმით, წამყვანი პარლამენტების სამუშაო გამოცდილება და პრაქტიკა კვლევითი და ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების საჭიროებას ადასტურებს.

„მგონი, ყველა ვთანხმდებით და ყველა მომხსენებელმა, ვისაც შესავალი სიტყვა ჰქონდა, ახსენა, რომ სათანადო კვლევითი და ანალიტიკური უნარების გარეშე პარლამენტი შეუძლებელია ხარისხიან საქმიანობას აწარმოებდეს, ხარისხიან კანონმდებლობა ჰქმნიდეს და ხარისხიანად და ეფექტურად ახორციელებდეს საზედამხედველო საქმიანობას. ნამდვილად, ყველა პარლამენტში, რომელსაც კი ეთქმის, რომ კარგი პარლამენტია, სამუშაოს ძალიან დიდ ნაწილს, სწორედ ასეთი უნარებით აღჭურვილი თანამშრომლები ასრულებენ და ძალიან დიდ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მიღებული იქნას სწორი გადაწყვეტილებები. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარლამენტშიც ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება ამ მიმართულებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ეს მიმართულება არ ეხება მხოლოდ კვლევით დეპარტამენტს და კომპლექსური სამუშაო ბევრი კომპონენტისგან შედგება.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, რომ ეს მიმართულება არ ეხება მხოლოდ კვლევით დეპარტამენტს, არამედ ბევრი კომპონენტისგან შედგება. მოთხოვნები იზრდება, დრო მიდის, უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ვიმუშაოთ, მით უმეტეს, რომ უფრო სრულყოფილ საპარლამენტო სისტემაზე გადავდივართ. ის რაც ცოტა ხნის წინ შეიძლება ყოფილიყო დამაკმაყოფილებელი, დროთა განმავლობაში მოითხოვს გაუმჯობესებას, გაზრდას, დახვეწას და ეს ცალსახად ასეა და არის კომპლექსური. ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენ ეს შედეგი დავდოთ და მთავარია, რომ სწორი აქცენტებით და სწორი ნაბიჯებით დავიწყოთ სვლა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო კონსულტანტმა, რობერტ კლემენტსმა საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური საჭიროებების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „პარლამენტს სჭირდება კარგი ინფორმაცია და კარგი ანალიზი სხვადასხვა მიზეზით. საკანონმდებლო საქმიანობა ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომლის განხორციელება ფაქტებისა და ანალიზის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა რობერტ კლემენტსმა. საერთაშორისო ექსპერტმა დეტალურად განიხილა პარლამენტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი მოგვარებისთვის საჭირო რეკომენდაციები.

„საჭიროებანი, რომელიც არსებობს და რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ არის ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს პარლამენტის ჰარმონიზაციისა და პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების კუთხით. ეს გახლავთ დღეისათვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი“, - განაცხადა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო კონსულტანტმა.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა და წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოითქვა.