ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს

13 ივნისი 2019
 ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებას და აღნიშნულია, რომ კანონპროექტი, რომელიც ფართო კონსენსუსსა და საუკეთესო უცხოურ პრაქტიკაზეა დაფუძნებული, უზრუნველყოფს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას. 

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარეს აქტიური ჩართულობისა და კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

„დღეს გამოქვეყნდა საგანგებო განცხადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. განცხადება გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის მიერ და მისი შინაარსი არის შემდეგი: „აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, მიესალმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.  სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით, პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში“.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საერთო ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებაა და ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მისივე თქმით, პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით ივნისში მიიღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ, აღნიშნულია, როგორც ხედავთ, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანი არის სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე, მინიშნება კონსენსუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იყო აღნიშნული განცხადებაში, ძალიან ფართო კონსესუსით მომზადდა ეს კანონპროექტი, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი თითოეული მხარის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თითოეულ პარტნიორს. ჩვენი საერთო ამოცანა არის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნა მომზადებული. პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. უკვე ივნისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება, რაც უზრუნველყოფს არსებითი ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემაში”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

გალერეა

  •  ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს, 2019 წლის 13 ივნისი
  •  ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს, 2019 წლის 13 ივნისი