ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

08 თებერვალი 2018
ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს დილიდან მართავს კონგრესსა და სენატში.

სენატორ რონ ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

სენატორმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

„საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობაა. ყველა შეხვედრაზე ხაზს ვუსვამთ, რომ გვჭირდება ძალიან მყარი და მუდმივი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ნატოში გაწევრიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის, პოლ რაიანის მიწვევით, ტრადიციულ საუზმეს (“National Prayer Breakfast”) დაესწრო.

„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ლოცვის შემდეგ საუზმეზე, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა მონაწილეებს. წარმოდგენილი იყო ამერიკის მეგობარი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, სადაც გვქონდა ჩვენს მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი