აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად მიღება გაიმართა

08 თებერვალი 2018
აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად მიღება გაიმართა

„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში, მის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე მოწვეულ სტუმრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა. 

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან კარგი მეგობარია.

„დემოკრატიის განვითარებისთვის შთაგონებას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს და ასეა ადრეული 90-იანი წლებიდან. მადლიერები ვართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, უსაფრთხოების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“, - მიმართა მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, გასული წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, გამორჩეული იყო. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და კონგრესს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი მტკიცე გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა საერთო ღირებულებებს იზიარებს, რაც ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს.

„ეს ღირებულებებია ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, თავისუფალი ვაჭრობა, ლიბერალური ეკონომიკა, და რაც მთავარია, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც თანამშრომლობა ეფუძნება და სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას. სიმბოლურია, რომ გვმასპინძლობს წარმომადგენელთა პალატასთან არსებულმა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მხარდამჭერია. ჩვენ ვსარგებლობთ ორპარტიული მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, არამედ ესაა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას. გვჯერა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა ამ მიმართულებით და გვჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. გვწამს, რომ საქართველო ერთგული სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენს რეგიონში და გვაქვს ამ სტატუსის შენარჩუნების ამბიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად.

„ჩვენ ვიბრძვით გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც ქართველ ჯარისკაცებს წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამაყები ვართ ამ კონტრიბუციით. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს ამბიცია, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში საერთო ინტერესები აქვს და ესენია: სტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება, სატრანზიტო პოტენციალის განვითარება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მიმართულებებით თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში.

„ჩვენ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს. 1918 წელს ჩვენ დავაფუძნეთ პირველი ქართული რესპუბლიკა და უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვამაყობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობით და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გასაღრმავებლად“, - მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა მასპინძელმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარე დევიდ პრაისმა. კონგრესმენმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს მეგობრობას საქართველოსთან.

„ჩვენ მეგობრები ვართ იმ ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ - განსაკუთრებით, კი საქართველოს პარლამენტის წევრებთან. გვახსოვს, რისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს და სოლიდარობა, რომელსაც საერთო ღირებულებების საფუძველზე ვგრძნობთ, დემოკრატიის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ეფექტური წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი - ეს არის ის საკვანძო ფაქტორები, რომელზეც დგას დემოკრატია“, - განაცხადა დევიდ პრაისმა.

მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ სამეზობლოში, ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე უხდება.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ, ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვით გამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. თვითგამორკვევა ფუნდამენტური საკითხია. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად აუცილებელია ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დევიდ პრაისმა დემოკრატიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა გაგრძელდება.

„გვესმის, რომ პარლამენტის წევრებისათვის მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო გამოცდილები, რომ პარლამენტი იყოს უფრო ეფექტური იყოს და ეს არის ჩვენი კრიტერიუმი. ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან.
ჩვენ ვიმუშავებთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის დონეზეც, მოგიწვევთ თქვენც, ჩავატარებთ სემინარებს. ვცდილობთ, ავაშენოთ ინსტიტუტები, განვავითაროთ დემოკრატია და ეს ბევრ მუშაობასა და თავდადებას მოითხოვს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. თუმცა, ასევე გადამწყვეტია ის, თუ რა ხდება არჩევნებს შორის. თუკი პარლამენტი ეფექტურია, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ემსახუროთ ხალხს და მიიღოთ სტაბილური, უსაფრთხო და გრძელვადიანი დემოკრატია. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ასეთი ტიპის ინსტიტუციური გაძლიერება და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა დევიდ პრაისმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პომ სიტყვით გამოსვლა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. მისივე შეფასებით, საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი და სწორედ ამიტომ, ამ მიზნის შესასრულებლად, პირველად საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს.

„საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან“, - განაცხადა კონგრესმენმა.

სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ 2008 წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მისი განცხადებით, სწორედ ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც არ შეიცვლება.

„მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 1 კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „გვსურს, დემოკრატიის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვარ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ვფიქრობ, რომ ეს ბევრს მეტყველებს საქართველოსა და დასავლეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე“, - განაცხადა ტედ პომ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნეში, რომელმაც საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. 

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი
  • აშშ-ის კონგრესში საქართველოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, 2018 წლის 7 თებერვალი