საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება

06 ნოემბერი 2015


დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით. დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები. დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა „ზეპირი მოსმენის გარეშე“) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ.

ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს, ყველა მოსამართლის თუ საჯარო მოხელის ერთადერთი სწორი (მათ შორის, პოლიტიკურადაც სწორი) გადაწყვეტილებაა მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი. დღეს, როგორც არასოდეს, ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი სწორი ქმედებაა ხელი შეუწყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და სხვა არაფერს.