ირმა ინაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

17 თებერვალი 2017
ირმა ინაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი დღეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, საქართველო-საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

„ელჩი დაინტერესდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და იმ წვლილით, რაც „საქართველოს პატრიოტებს“ შეაქვთ ამ კომისიის მუშაობაში. ასევე დაინტერესდა პრეზიდენტის არჩევნების წესთან მიმართებაში ჩვენი პოზიციით. ვისაუბრეთ ფრაქციის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ კანონპროექტზეც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყიდვის წესს ეხება “, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

მისივე თქმით, შეხვედრზე ისაუბრეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ საფრანგეთი არაერთ პროექტს ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში იმისათვის, რომ ამაღლდეს ფერმერების განათლების დონე. ყურადღება დაეთმო ასევე მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ფრიად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს მსგავსი ქვეყნების განვითარებისათვის და აღინიშნა, რომ ამ დარგში საქართველო და საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. 

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის სენატს შორის ურთიერთობების გაღმავებაზე, ფრანგი კოლეგების ჩართულობასა და მათი მხრიდან საარჩევნო სისტემის რეფორმირების ნაწილში გამოცდილების გაზიარებაზე. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობა. ვარ საქართველო-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფის წევრი და ამ ფორმატშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გალერეა

  • ირმა ინაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 17თებერვალი
  • ირმა ინაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 17თებერვალი