საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა ინაშვილის ბრიფინგი

12 სექტემბერი 2019
საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა ინაშვილის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა თბილისში „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა რომ კონფერენციაზე მისი მისვლა რაიმე პროვოკაციას არ ისახავდა მიზნად.

კონფერენციაზე მივედი მარტო, მივედი შესვენებისას და გავესაუბრე შეხვედრის ერთ ერთ ორგანიზატორს და ვკითხე, შემეძლო თუ არა ამ კონფერენციაზე დასწრება, ვინაიდან წინა დღეს პარლამენტის წევრის გიორგი ბოკერიას მოხსენება მთლიანად დაეთმო პატრიოტთა ალიანსს, ჩვენზე ცილისწამების ტირაჟირებას. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ მივიდოდი კონფერენციაზე. როცა ცალმხრივად საუბრობენ შენზე, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მიგიწვიონ და მოგცენ საშუალება გააკეთო მოხსენება, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. მე ირმა ინაშვილი მივედი, როგორც პარლამენტის წევრი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და არა პარტია პატრიოტთა ალიანსი თავისი მრავალათასიანი მხარდამჭერით. ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე განცხადებით, ამერიკელი დიპლომატის მეთიუ ბრაიზას მიერ გაკეთებული კომენტარი მისთვის შეურაცხმყოფელია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე ამ ფაქტის გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას მიმართა: „მივმართავ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ ცილისწამებაზე დაიკითხოს ყველა დამსწრე, ამოიღონ ვიდეო მასალა მტკიცებულების სახით, ჩემს მიმართ, როგორც პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე“.

ირმა ინაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსი 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს. „ამ აქციის მიზანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ნუ უჭერთ მხარს „სააკაშვილებს და ბოკერიებს“, ეს იქნება ჩვენი მთავარი სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ირმა ინაშვილა.