კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

28 ივლისი 2020
კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა 28 ივლისს, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით ჩატარებულ 90-ე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც საპარლამენტო მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, ინდონეზიის, განას, მიანმარის და სხვა.

შეხვედრის მიზანი იყო გარემოსდაცვითი დემოკრატიის მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.

ყურადღება ძირითადად დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ღიაობას, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხილვებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პარლამენტის წევრებმა ყურადღება, ასევე, გაამახვილეს პოსტ-პანდემიურ პერიოდში გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

„ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ახორციელებს ახალ ინიციატივას, რომელიც გარემოსდაცვით დემოკრატიას მოიაზრებს. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ სხდომას და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ კუთხით ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, რათა გაგვეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გარემოს საკითხებში გახსნილობის, მოქალაქეების ჩართულობის, ახალი საკომიტეტო ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით გვაქვს და რომელიც ითვლება წარმატებულად“, - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისგან არაერთგზის ყოფილა თხოვნა სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე, რაც ნამდვილად საამაყოა: „ჩვენი საქმიანობის და გამოცდილების შესახებ დღესაც იყო კითხვები და, რაც მთავარია, თხოვნა, რომ სხვა დროსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, საქართველოს პარლამენტი იყოს მზად, რომ სხვა ქვეყნებს დავუდგეთ გვერდში და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გალერეა

  • კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2020 წლის 28 ივლისი
  • კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2020 წლის 28 ივლისი