პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ბიოგრაფია



თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე   

თამარ ჩუგოშვილს განათლება მიღებული აქვს სამართალსა და სახელმწიფო მართვაში. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში - ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

2010-2012 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, იმავე პერიოდში - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 32 არასამთვრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი.

2013-2014 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ პერიოდში ის იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის მთავარი კოორდინატორი საქართველოს მთავრობასთან.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს მნიშვნელოვანი საკონკურსო პროგრამები: ჰარვარდის კენედის სკოლის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პროგრამა „ჰარვარდის მოედნიდან - ოვალურ კაბინეტამდე“ (ოქტომბერი, 2014 - მაისი, 2015, კემბრიჯი, აშშ.); საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის პროგრამა (2014-2015, ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლა, აშშ,); აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საკანონმდებლო სტაჟირების პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკა, 2010); ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამა (2012, ბრიუსელი, ბელგია); კემბრიჯის ადამიანური რესურსების მართვის დისტანციური სწავლების პროგრამა (2005-2006).

თამარ ჩუგოშვილი არის ავტორი ნაშრომებისა: მართლმსაჯულება საქართველოში (2010); უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია (2008); საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (2008); პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში (2007).

2014 წელს თამარ ჩუგოშვილი გახდა ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონკურსის (HUMAN RIGHTS TULIP AWARD), ე. წ. ტიტის დაჯილდოვების შესარჩევი ჟიურის წევრი (ჰოლანდია). მას მიღებული აქვს ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის ჯილდო სტუდენტურ სწავლებაში მიღწეული წარმატებისთვის (2015, ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლა, აშშ).

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016 წლის ნოემბრიდან დღემდე)
  • პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2016)
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელი (2016- 2015)
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი (2014-2013)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) თავმჯდომარე (2010-2012)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტების კოორდინატორი, საიას საპარლამენტო მდივანი (2010-2004)

განათლება:

  • ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, მაგისტრის ხარისხი (2014-2015)
  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი (2001- 2006)